ვანო წერეთელი - 9 აპრილის მემორიალთან გაგზავნეს პროვოკატორები, რომლებმაც ჩხუბი დაიწყეს, მათ კი პოლიცია მოჰყვა და „მშვიდობის დასამყარებლად“ შეკრეს წრეს - ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და ჯარისა და კრიმპოლის დახმარების გარეშე ვერსად დადის

9 აპრილი ერთიანობის დღეა და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასე გააზრებული და შეთანხმებული, როგორიც 9 აპრილის მნიშვნელობაა, არ არსებობს - ეს დღე არის ჩვენი წარსული, რომელზეც თანამედროვე საქართველო დგას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვანო წერეთელმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, „საქართველოს ისტორიაში თავგანწირვის გარეშე არცერთი გამარჯვება არ ყოფილა და სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილიც, რომელზეც ქართველი ერი და საქართველო დგას“.

„ეს დღე [9 აპრილი] უკანასკნელია ასეთი დიდი გამარჯვებების. ამ დღემ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიტანა, რომელმაც აღადგინა ის, რომელიც 1921 წელს დავკარგეთ. ამ თარიღს დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამ დღის ერთ-ერთმა შემოქმედმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიასთან ერთად დაგვიბარა, რომ „დამოუკიდებლობის მიღება არის ერთი, თუმცა მას გაფრთხილება სჭირდება“. 35 წლის განმავლობაში არაერთი შემოტევა ვნახეთ, რომ დამოუკიდებლობა დაგვეკარგა და დღესაც ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ეს დღე ერთიანობის დღეა და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასე გააზრებული და შეთანხმებული, როგორიც 9 აპრილის მნიშვნელობაა, არ არსებობს. ყველა საუბრობს იმაზე, რომ ასე ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი, რომელიც 1989-1991 წლებში იყო, სამოქალაქო ომამდე, არ არსებობდა და ეს არის ის, რომელზეც თანამედროვე საქართველო დგას. ეს დღე არის ჩვენი წარსული, რომელზეც თანამედროვე საქართველო დგას. ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ - 1991 წლის 9 აპრილს დაიბადა და რომ არა 1989 წლის 9 აპრილი, 1991 წლის 9 აპრილი არ იქნებოდა“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

რაც შეეხება 9 აპრილს დაღუპულთა პირების მემორიალთან, ქვეყნის პირველი პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენას, რომელსაც აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა, პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლების არალეგიტიმურობა ჩანს იმაში, რომ ისინი ჯარის, კრიმპოლისა და პოლიციის დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებიან.

„მემორიალთან, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ღამე გაათენეს და არავის არ ჰქონდა ის აზრი, რომ - „ხელისუფლებიდან არავინ მივუშვათ“. იქ იყვნენ დაპატიმრებული ადამიანების მშობლები, რომლებსაც ე.წ. ხელისუფლებასთან გასაუბრება და მათთვის კითხვების დასმა უნდოდათ, თუ რატომ ისხდნენ მათი შვილები ციხეში და პასუხი აინტერესებდათ. ე.წ. ხელისუფლება ამ ადამიანებს აერიდა და ვნახეთ, რომ სანამ იქ ხმაური ატყდებოდა, გააგზავნეს პროვოკატორები, რომლებმაც ჩხუბი დაიწყეს, მათ კი პოლიცია მოჰყვა და მშვიდობის დასამყარებლად შეკრეს წრეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. ჯარის, კრიმპოლისა და პოლიციის დახმარებით დადის ე.წ. ხელისუფლება, ეს კი ნათელი მაგალითია და დადასტურებაა იმისა, რომ მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ. როგორ შეიძლება თავს ლეგიტიმურს უწოდებდე და პროვოკატორებისა და ძალოვანი სტრუქტურის გარეშე ვერ გადაადგილდებოდე და იქ ვერ მიდიოდე, სადაც შენი ყოფნა მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობასთან არ ასოცირდება. საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დასავლეთისკენ სვლასთან ასოცირდება. ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება დასავლურ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირშია. ეს კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ქვეყნების მტრად მოხსენიებით, სუვერენიტეტს, რომელიც 1991 წლეს, 1989 წლის 9 აპრილით მოვიპოვეთ, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

ვანო წერეთლის შეფასებით, დასავლეთიდან საფრთხე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის მოდის, რადგან ის მხოლოდ მის ფინანსურ იმპერიას აღიარებს.

„ის, რომ საფრთხე დასავლეთიდან მოდის, ტყუილია და რომ არა ეს ტყუილი, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება ჩამოიშლება, რადგან დასავლეთისკენ სვლა დემოკრატიის გაძლიერებას ნიშნავს და ეს მას არ სჭირდება. ბრიუსელიდან საფრთხე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული ძალაუფლებისთვის მოდის, ის არც ქვეყანას, არც მის წარსულსა და მომავალს არ აღიარებს. ის მხოლოდ, მის ფინანსურ იმპერიას აღიარებს და ამ ფინანსურ იმპერიას კი საფრთხეს დემოკრატიული სისტემა უქმნის. ერთადერთი მტერი რუსეთია, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველო სახელმწიფო იყოს, არამედ უნდა, რომ საქართველო მხოლოდ ადამიანებით დასახლებული გეოგრაფიული მოცემულობა იყოს, რომელსაც დაეპატრონება. ვნახეთ, რატომ დაესხა საქართველოს 2008 წლეს თავს და რა იყო მისი მიზანი, რა არის მისი მიზანი, როდესაც ის უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის და არ აღიარებს მის მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. მიაჩნია, რომ ყველაფერი კრემლს ეკუთვნის, რომელიც ადრე საბჭოთა სისტემის შემადგენლობაში შედიოდა. მაშინ - დე-იურე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - გვერქვა, მაგრამ არანაირი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ გვქონდა. გვახსოვს 1921 წლის ანექსია, რა დროსაც რუსეთმა გააუქმა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ახლაც პუტინის მიზანი ამ დამოუკიდებლობის განადგურებაა“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

მისივე შეფასებით, იმ შანსებს, რომლებიც საქართველოსთვის მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოჩნდა, ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, როდესაც ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელში აღარ იქნება.

„ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი, რომელსაც გარკვეული ფორმა ჰქონდა მიცემული, ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ საქართველოსთვის შანსები რჩება, მაგრამ ეს შანსი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ხელში ვერ იქნება გამოყენებული, რადგან მისთვის, არ არსებობს არაფერი საკუთარი ფინანსური იმპერიის უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გარდა. გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟია. ამიტომ ვამბობთ, რომ 26 მაისს ქუჩაში ძალიან ბევრნი უნდა გამოვიდეთ, რადგან ვაჩვენოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ თანამეგობრობას, რომ ჩვენ ვიბრძვით, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც წინააღმდეგობა საქართველოს განვითარებისა, დასრულდეს.

ის ქართველი ხალხის გონებაში დასრულებულია და ეს წინააღმდეგობა, არასდროს აღარ დასრულდება, რადგან მცირე ჯგუფის გარდა, საქართველოს მომავალს, ბიძინა ივანიშვილს აღარ უკავშირებენ“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს