გიგი წერეთელი - წელს არავის უთქვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ მემორიალთან არ მიუშვებდნენ, პოლიციის ჩაყენებამ წარმოაჩინა მათი დამოკიდებულება ხალხთან - როდესაც იმას ლაპარაკობ, რასაც კრემლის რუპორები, ზოგი რუსს დაგიძახებს, ზოგი - რუსეთის მონას

დღეს რაც ხდება ქვეყანაში, მთლიანად ეწინააღმდეგება აზრსა და იდეას, რისთვისაც 9 აპრილი მოხდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

წერეთლის შეფასებით, დღეს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტები იმ რეალობას ასახავს, რის წინაშეც დგას ქვეყანა.

„რაც პარლამენტთან მოხდა, ეს გარკვეულწილად, რეალობის ასახვა არის იმის, რაც დღეს საქართველოში ხდება. იმ დისკომფორტს, რომელიც დღეს მმართველობაში მყოფ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, თავისი საფუძველი აქვს. იქ პოლიტიკური პატიმრების მშობლები არიან და ამ ადამიანებს ძალიან დიდი პროტესტი აქვთ.

შარშანდლისგან განსხვავებით, წელს არავის უთქვამს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მემორიალთან არ მიუშვებდნენ, პირიქით, იყო იმაზე საუბარი, რომ მოვიდნენ, ოღონდ ჩვენ ჩვენი სათქმელი და კითხვები გვექნებაო.

ზოგადად, ამ პროცესის მონაწილე ყოველთვის ვიყავი, 9 აპრილს პატივს მივაგებდი ხოლმე და მაშინაც იყვნენ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, შეძახილებიც ყოფილა, ვიღაც არ მოსწონდათ, რაღაც პრობლემებიც ყოფილა, მაგრამ ასე პროვოკაციების მოწყობა, ნახევარი პოლიციის გამოყვანა და იქ ჩაყენება, ძალიან დიდი კორიდორის შექმნა - ეს კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს, თუ როგორი არის დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვითარება ხალხთან დამოკიდებულებაში.

დღეს რაც ხდება ქვეყანაში, მთლიანად ეწინააღმდეგება იმ აზრსა და იდეას, რისთვისაც 9 აპრილი მოხდა“, - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, შალვა პაპუაშვილის გარდა, რატომ არ გაიხსენა ხელისუფლების არცერთმა სხვა წარმომადგენელმა 9 აპრილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები და რას შეიძლება ნიშნავდეს მათი დუმილი, წერეთელმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს სხვა პრიორიტეტები აქვთ, რომელიც ხელისუფლების ხანგრძლივად შენარჩუნებას მოიცავს.

„ამ ხალხის [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების] პრიორიტეტები სულ სხვა არის, მათთვის მთავარია, ხელისუფლება შეინარჩუნონ. სხვა მიმართულებით ათასობით განცხადებას აკეთებენ, ოპოზიციისა და ჩვენი პარტნიორების ლანძღვიდან დაწყებული და ათასი სხვა რამ. ამ ხალხს სხვა პრიორიტეტები აქვთ, სხვა საკითხებზე ფიქრობენ და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ, ამის საპირისპირო ნაბიჯებს დგამენ. ამაზე მეტყველებს როგორც ქვეყნის შიდა ვითარება, ისე პარტნიორების დამოკიდებულება.

როგორი შეუსაბამობაა, როდესაც ერთის მხრივ, კონსტიტუციაში გიწერია, რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდე და მეორეს მხრივ აცხადებ, რომ ევროკავშირი იგივეა, რაც რუსეთი.

სწორედ ამგვარი განცხადებების, ამგვარი მიდგომების, ამგვარი პოლიტიკის გამო, როდესაც იმავეს ლაპარაკობ, რასაც კრემლის რუპორები ლაპარაკობენ, სწორედ ამიტომ გეუბნებიან, რომ რუსეთთან თანამშრომლობ, ზოგი რუსს დაგიძახებს, ზოგი რუსეთის მონას და ა.შ.

დასავლეთი გეუბნება, იმისთვის, რომ კარგად იცხოვრო, შენ გჭირდება სამართლიანი სასამართლო, თორემ მე მაქვს საფრანგეთში, შენ გჭირდება არაკორუმპირებული ბიუროკრატია, თორემ სხვაგან ეს პრობლემა ხალხს არ აწევს ტვირთად, შენ გჭირდება კარგი ხარისხის განათლება და კარგი ჯანდაცვა, რომ სხვაგან არ მიდიოდე სამკურნალოდ.

შვეიცარია ვერ ვიქნებით იმიტომ, რომ ის შემოგარენი არ გვაქვს, ის სამეზობლო არ გაგვაჩნია, ის გეოპოლიტიკა არ გვაქვს, ამიტომ რა გეოპოლიტიკაც გვაქვს, იქიდან ამოვედით, როდესაც ვთქვით, რომ დასავლეთი არის ჩვენი მიმართულება და მასთან უნდა ვიყოთ.

თუ არ გვეყოლება კარგი მეგობრები, თუ არ გვექნება თავდაცვისუნარიანობა, თუ თავდაცვის ბიუჯეტს გაძარცვავ, შეჭამ და არაფერს დატოვებ იქ, ამავე დროს თავს დაისუსტებ კორუფციისა და არაკომპეტენტურობის გამო, ვინც უნდა დაგეხმაროს და დაგიცვას, ეს დასავლეთია. ღმერთმა დაგვიფაროს და რამე საფრთხე რომ იყოს, პირველ რიგში სად მოგინდება წასვლა, ირანში თუ დასავლეთში? ეს რაღაც თამაში ვითომ ბალანსით, პოლიტიკა არ არის. ბალანსი ნიშნავს იმგვარად მოქმედებას, როცა ან არ იღებ ან ამსუბუქებ დარტყმებს და ზიანს ამცირებ და თუ მხარე ხდები და მეორე მხარეს ებრძვი, ეს ბალანსი აღარ არის“, - აღნიშნა წერეთელმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე შეაფასა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განახორციელა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტზეც გააკეთა აქცენტი.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში ინტერესი აქვს, ამიტომ მე სრულიად არ გამკვირვებია რუბიოს ზარი, რადგან შესაძლოა რაღაც საკითხზე ამ დონის საუბარიც იყო, მაგრამ ეს არანაირი ურთიერთობის დალაგება არ არის იმ თვალსაზრისით, რომ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ამ წესების ფონზე ამერიკასთან დალაგება ვერ მოხდება. „ქართული ოცნებისთვის“ ნათელია ის პირობები, რომლითაც ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება.

რაც მეტად ჩაერთვება ამერიკა საქართველოს საკითხებში და ნაკლებად ჩაერთვება რუსეთი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი.

რაც შეეხება ალიევის საკითხს, ის სამხრეთ-კავკასიაში დღეს ლიდერია ყველა ასპექტში, მას ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ თავად აზერბაიჯანშიც, ეკონომიკურად ის ძალიან ძლიერი ქვეყანაა. მას დღეს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ერთის მხრივ, აზერბაიჯანი მეზობლებს ყოველთვის უფრთხილდება, ამ მეზობლობას ანგარიში ეწევა და მისი ვიზიტი მეგობრული ჟესტიც არის (მგონი, სამი წლის განმავლობაში ის საქართველოში არ ყოფილა). მეორეს მხრივ, ეკონომიკური ინტერესი არის ძალიან დიდი. ყველას კარგად ესმის, როგორ გაიზარდა შუა დერეფნის და განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს როლი იმიტომ, რომ რუსეთის გზები დაკეტილია და ყაზახური ნავთობი და თურქმენული გაზი დღეს ამ სარფიან გზებს ეძებს.

მესამეს მხრივ, შეხვედრაზე განხილული იქნებოდა ასევე რეგიონში არსებული ვითარება და გეოპოლიტიკური საკითხები“, - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს