დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად - ვინ მახვილით და ომით! მაგრამ მიდიან! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს.
მისი თქმით, ამ ქვეყნად უსასრულო არაფერია.
“დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად ( მაინც ზრდილი ევროპელები) ვინ მახვილით და ომით! მაგრამ მიდიან! უსასრულო არაფერია ამ ქვეყნად! აღდგომის ნიშანიც ეს არის: სიკვდილის და უსამართლობის შემდეგ სიცოცხლე და ნათელი დღე! გილოცავთ!”, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგი აშკარაა.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდა.