გიორგი სიორიძე - უნგრეთის მაგალითიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს ყველამ, მათ შორის მოქალაქეებმა დაინახონ, რომ ერთ ხმასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - რატომ არის ორბანის რეჟიმის დასრულება საქართველოსთვის კარგი? - პუტინის „თაგვი“ დამარცხდა

რატომ არის ორბანის რეჟიმის დასრულება საქართველოსთვის კარგი?- საქართველოს მტერი არის ოკუპანტი რუსეთი და პუტინის რეჟიმი, ევროკავშირში პუტინის რეჟიმის მოკავშირე და მისი „თაგვი“ დამარცხდა. პუტინის მოკავშირე არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. ორბანი და „ქართული ოცნება“ მოკავშირეები იყვნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანას მართავენ ჩვენი მტრების მოკავშირეები, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მჩაგვრელები და ჩვენი ხალხის მჩაგვრელებს უნდა გაეცეთ საკმარისი პასუხი - წნეხის გაძლიერება დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც მათ შორის, შეიძლება გამოიხატებოდეს სანქციებში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე.

გიორგი სიორიძის თქმით, უნგრეთი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ბრძოლას მაინც აქვს აზრი და შეიძლება დემოკრატიის დაბრუნება, თუნდაც უსამართლოო სისტემაში.

„უნგრული მაგალითიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს ყველამ, რა თქმა უნდა, პროდასავლურმა, ეროვნულმა ოპოზიციურმა სპექტრმაც. დასკვნა უნდა გამოიტანონ მოქალაქეებმა, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში, გაცილებით მეტი აქვთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ თუნდაც იმ ნაწილშიც, რომ ერთ ხმასაც კი, საკუთარ სამოქალაქო ვალდებულების შესრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს დასკვნა უნდა გამიტანოს საზოგადოებამ. დასკვნა უნდა გამოიტანოს, ალბათ, ავტოკრატიულმა რეჟიმმაც იმ ნაწილში, რომ ხალხის ძალის, ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას აზრი არ აქვს და ყოველთვის კრახით შემოუბრუნდება, თუკი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ყველამ არამხოლოდ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, არამედ პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ საკითხსაც, რატომ მოიგო, ამ შემთხვევაში, მადიარმა და მისმა ოპოზიციამ, როგორ შეძლო ამ დიდი მონსტრის დამარცხება არა მხოლოდ იმაზე საუბრით, რომ ვიქტორ ორბანი არის ავტოკრატი, ანტიევროპული პოლიტიკოსი, პრორუსი, რომ ის არის თურმე „პუტინის თაგვი“, ეს მისივე სიტყვებია და ამას პოზიტიურ კონტექსტში ახსენებდა თავად ვიქტორ ორბანი, არამედ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ამ გლობალური პრობლემების გარდა, რომ ივანიშვილი დიახაც, არის რუსეთის ხელდასხმული პირი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ყველა სხვა, ვინც არის ფორმალური პოლიტიკოსი „ქართული ოცნების“ რიგებში, არის ბრმა შემსრულებელი და მარიონეტი, ამის გარდა საზოგადოებას ბევრი ფუნდამენტური პრობლემა აწუხებს და არ შეიძლება საკომუნიკაციო შინაარსის დაყვანა ერთ დიდი პრობლემამდე. რა თქმა უნდა, ყველაფრის სათავე არის ივანიშვილი, რეჟიმი, „ქართული ოცნება“, რომლის ნაბიჯებითაც ყველა ეს პრობლემა არის გამოწვეული, მაგრამ ამ პრობლემებზე თუ არ ვისაუბრეთ, თუ პატარ-პატარ ნაბიჯები არ გადავდგით, დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლებელი გახდება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მისი თქმით, უნგრეთის უკვე ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის დამარცხება საქართველოსთვის კარგი მოცემულობაა.

„მარტივ ლოგიკურ დასკვნებამდე რომ დავიყვანოთ, რატომ არის ორბანის რეჟიმის დასრულება საქართველოსთვის კარგი- საქართველოს მტერი არის ოკუპანტი რუსეთი და პუტინის რეჟიმი, პუტინის რეჟიმის მოკავშირე ევროკავშირში და მისი „თაგვი“ დამარცხდა, ეს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ბუნებრივად არის კარგი. ამ შემთხვევაში, პუტინის მოკავშირე არის საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სახით და ის, რომ ორბანი და „ქართული ოცნება“ მოკავშირეები იყვნენ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანას მართავენ ჩვენი მტრების მოკავშირეები, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მჩაგვრელები და ჩვენი ხალხის მჩაგვრელებს უნდა გაეცეთ საკმარისი პასუხი. საკმარისი პასუხი ნიშნავს - წნეხის გაძლიერებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც მათ შორის, შეიძლება გამოიხატებოდეს სანქციებში“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მისი შეფასებით, ის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს გაატარა, ზუსტად ჰგავს უნგრეთში ვიქტორ ორბანის მიერ გატარებულ გზას, რაც გულისხმობს შემდეგს: „რუსულ კანონებს“, სასამართლოს ჯიბეში ჩასმას, ყველა სახელმწიფო ძალაუფლების სრულ მონოპოლიზაციას და ა.შ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა უნგრეთის მომავალი პრემიერის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოუთმენლად ელის თბილისთან მუშაობას და რომ უნგრეთი არ აპირებს ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. გიორგი სიორიძის შეფასებით, პეტერ მადიარის მხრიდან ეს იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი, სტანდარტული განცხადება. მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება გაუხარდეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ეს განცხადება, მაშინ, როდესაც ვიქტორ ორბანი სწორედაც რომ ერეოდა და შავ-ბნელი საქმეების განხორციელებაში ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“ და მაქსიმალურად ცდილობდა ლეგიტიმაციის ფასადი შეექმნა“.

„ძალიან ბევრი საქმე აქვს და ყველაფერი, პრაქტიკულად, თავიდან აქვს დასაწყები. მე მადლიერ ვიქნები, რომ საქართველოს გვერდით იქნება ევროკავშირის კიდევ ერთი წევრი ქვეყანა, თუმცა ეს ნამდვილად არ შეიძლება ითარგმნოს იმად, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც რეჟიმს ეყოლება სხვა რეჟიმი მოკავშირედ იმიტომ, რომ რეჟიმი უნგრეთში დასრულებულია“, - განაცხადა სიორიძემ.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026