4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულებიდან საერთოდ არავის ვიცნობ, არავის! არ ვაპირებ ამ სპექტაკლში მონაწილეობას. თქვენ კიდევ, ბიძინას „რობოტუნებო!“ - ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი კირვალიძემ სასამართლო პროცესზე პროკურორებს.
მისი განმარტებით, 4 ოქტომბრის დღეს ის აქციაზე არ მიდიოდა, სპორტსმენია და როდესაც გაიარა აქციის ტერიტორიაზე, გაიგონა, რომ უშუალოდ პოლიციელი ეძახდა, რა დროსაც მიიხედა და გაიგო გასროლის ხმა.
გიორგი კირვალიძის თქმით, ამ გასროლის შემდეგ მივიდა სამართალდამცველებთან და იკითხა, თუ ვინ გაისროლა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მისივე განცხადებით, ის ციხეში ახლა აღნიშნული კითხვის გამო ზის, უშუალოდ საქმესთან კი არანაირი კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძეს, რომელიც დღეს მოწმის სახით დაიკითხა, ბრალდებულის თქმით, გამომძიებელი დაუზუსტებელ ინფორმაციას აჟღერებდა სხდომაზე.
„ბრალდებულები შეთანხმებულად მოქმედებდნენო და ამას დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით რატომ ამბობთ? თქვენ არ იცით, იქ როგორ მოვხვდი საერთოდ? აქციაზე არ მივდიოდი. სპორტსმენი ვარ, რომელიც მივდიოდი... დამიძახეს, ჩემი სახელით დამიძახეს, მივიხედე და სამი გასროლა განახორციელეს სამართალდამცველებმა.
მერე მოვედი და გითხარით, გამოდით, რომელმა მესროლეთ-მეთქი. საერთოდ არავის ვიცნობ აქ, არავის...საერთოდ არ ვაპირებ ამ სპექტაკლში მონაწილეობას. არ ვაპირებ აქ მოვიდე“, - განაცხადა გიორგი კირვალიძემ.
მას მოსამართლე თამარ მახარობლიძემ შენიშვნა გამოუცხადა და მიუთითა, რომ გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დარბაზს დაატოვებინებდა.
„დავტოვებ, თუ არა, ამას მე გადავწყვეტ“, - მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა, რის შემდგომაც მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
დარბაზის დატოვებდე გიორგი კირვალიძემ გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძეს მატყუარა უწოდა.
„სტანდარტული მატყუარა ხართ, ჩვენ შევხვდებით“, - მიმართა გამომძიებელს.
„თქვენ კიდევ, ბიძინას „რობოტუნებო“, - ასე მიმართა პროკურორებს: როინ ხინთიბიძეს და ნუგზარ ჭიტაძეს.
რაც შეეხება უშუალოდ გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძეს, ის პროკურატურის მოწმეა. დღევანდელ პროცესზე მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის სასახლის ღობეზე, რომლის დაზიანებასაც ედავებიან ბრალდებულებს. კონსტანტინე კერესელიძის თქმით, მას უშუალოდ დაზიანებული ღობე არ ამოუღია, უკვე დალუქული ღობის სანახავად მივიდა. მისი თქმით, ღობე ახლა ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ინახება.
„სასახლის დაზიანებული ღობე ინახება ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში, დაცულ ტერიტორიაზე, იქ ვერავინ შევა და არანაირი ბუნებრივი ზემოქმედების კვალი არ აქვს ღობეს“, - განაცხადა გამომძიებელმა კერესელიძემ.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.