ირაკლი კუპრაძე - ოპოზიციას შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, თუმცა „ლელოს“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება, ივანიშვილი უძლეველი არ არის - თუ ამკრძალავენ, სხვა პოლიტიკოსს დავუჭერ მხარს, დავრჩები რიგით აქტივისტად

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს რესურსი, არჩევნების გზით დაამარცხოს „ქართული ოცნება“, თუმცა ამისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგია და მობილიზება.

როგორც კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, არჩევნები არის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზა ხელისუფლების შესაცვლელად.

„უნგრეთში პოლიტიკის კეთება მარტივი არ ყოფილა. ვიქტორ ორბანმა, როგორც ავტორიტარმა, 16 წლის განმავლობაში პოლიტიკური ველიდან გააქრო პარტიები. გაანადგურა ფინანსურად, პოლიტიკურად გააქრო კრიტიკული მედია, ამიტომ იმის თქმა, რომ უნგრეთში ოპოზიციური საქმიანობის წარმოება არის მარტივი, ასე არ არის. უნგრეთში პოლიტიკის კეთება მარტივი არასდროს ყოფილა.

ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების გზით ივანიშვილის დამარცხება არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ. რატომ ვამბობთ ამას, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობაც, კეთილდღეობაც და ეს ყველაფერი ხელისუფლების ცვლილებასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა კუპრაძემ.

ოპოზიციურ სპექტრზე საუბრისას, კუპრაძემ ბოიკოტის პოლიტიკა შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებისადმი უნდობლობის გაღვივება ხელისუფლების ინტერესებში შედის.

„ვერც ერთი ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ვერ გვასწავლის ჭკუას როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები. „ლელო“ არის ის პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ასაკრძალთა სიაში ჰყავს შეყვანილი. „ლელო“ არის ის პარტია, რომლის ლიდერები საპატიმროებში ისხდნენ და კიდევ ახალი ბრალი აქვთ წაყენებული (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს). თავის მხრივ, დღეს გვყავს სამი პოლიტიკური პატიმარი. ამ ვითარებაში ჩვენ საკუთარ მხრებზე და თავზე ვიცით რას ნიშნავს რეპრესია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს ვერ გვათქმევინებს უარს იმაზე, რაც არის სწორი. სწორია - სამართლიანი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამ ვითარებაში იმ ეჭვის გაღვივება, რომ არჩევნები არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი უძლეველია - არის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო საქმე. ამ ვითარებაში, როგორ შეიძლებოდა ის, რაც გააკეთეს - ივანიშვილის და 20%-იან კალაძეს აჩუქეს დედაქალაქი. ჩვენ ვსაუბრობდით საერთო კანდიდატზე. იმისთვის,რომ გავიგოთ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, გუშინდელ დღეს უნდა გადავხედოთ და დავინახოთ რა შეცდომები დავუშვით. შეცდომა იყო ბოიკოტი, არჩევნების რწმენის დაკარგვა საზოგადოებაში“,- განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ „ქართული ოცნების“ დამარცხებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესში, მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევა საკმარისი არ იქნება და საჭიროა ფართო ოპოზიციური ერთობა და კოორდინაცია.

„ოპოზიციას შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი. „ლელო“ ამ ბრძოლაში იქნება მთავარი და გადამწყვეტი, თუმცა „ლელოს“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ისევე როგორც 2025 წელს არ იყო საკმარისი. არც ხვალ შეიძლება იყოს საკმარისი და ამას მობილიზება სჭირდება,სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომ არჩევნები არის სწორი, მშვიდობიანი , სწორი სახელმწიფოებრივი გზა“,- განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძის თქმით, "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის ბევრი შრომისა და პოლიტიკური სტრატეგიასთან ერთად საჭიროა მსხვერპლის გაღება პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ თუნდაც პარტიები ან ოპოზიციონერები დაიჭირონ ან აკრძალონ, გააგრძელონ სხვა ოპოზიციური ძალების დახმარება ან იბრძოლონ რიგით აქტივისტად.

„ვიქტორ ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია არჩევნების გზით და ამას სჭირდება სწორი პოლიტიკური სტრატეგია, ძალიან ბევრი შრომა და კი, მსხვერპლი. ეს მსხვერპლი პოლიტიკოსებმა უნდა გავიღოთ, თუნდაც დაგვჩაგრონ, დაგვიჭირონ, პოლიტიკური პარტიები აკრძალონ. ამკრძალავენ მე, სხვა პოლიტიკოსს დავუჭერ მხარს. იმიტომ, რომ აქ ხომ მიზანზეა საუბარი. თუ აკრძალული პოლიტიკური ლიდერი თავს ანებებს ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო საკუთარი თავი აინტერესებდა. თუ მე, როგორც პოლიტიკოსს, ამეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, მე დავრჩები რიგით აქტივისტად, დავეხმარები სხვებს“.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026