შალვა პაპუაშვილი - ჰანს გენშერი, ალბათ, საფლავში ტრიალებს, თუ რას დაემსგავსა გერმანიის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით - ტრაგედიაა, როცა გერმანიის მხრიდან ვხედავთ დამცინავ, ქედმაღლურ დამოკიდებულებას

ტრაგედიაა, როცა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავთ დამცინავ, ქედმაღლურ დამოკიდებულებას - ჰანს გენშერი, ალბათ, საფლავში ტრიალებს, თუ რას დაემსგავსა გერმანიის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებას, რომელმაც „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარის მხრიდან კითხვა დაისვა გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, გერმანულმა მხარემ კი მიზეზად ტექნიკური პრობლემა დაასახელა.

„იმედია, გერმანელებს შერცხვებათ და ამის შემდეგ მაინც ჩაასწორებენ. რა უნდა ველაპარაკოთ? ლამის ორი წელია, ასეთი საქციელით თავს მასხრად იგდებენ. რა თქმა უნდა, ამ ფონზე გასაკვირი აღარ არის გერმანიის ელჩის ქცევა, რომელიც ზუსტად ამ ხასიათში ეწერება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლება ხუთ მილიონ ქართველს არ ცნობს. ხუთმილიონიანი საქართველო არაფერი ვართ, ადამიანებად არ გვთვლიან, ჩვენს არჩევანს არჩევანად არ თვლიან და ამ ყველაფერს როგორც უნდათ, ისე აკეთებენ. ლევან მახაშვილი დელეგაციას შეხვდა, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო და მისგან მცდელობა იყო, ეს ყველაფერი ტექნიკური საკითხებით აეხსნა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს დაგვცინიან, ვინც ცდილობს, რომ ეს ყველაფერი „აიტიშნიკს“ დააბრალოს. რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის და გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 35-წლიან ისტორიაში დღეს ვხედავთ დამცინავ, ქედმაღლურ, ცხვირაწეულ დამოკიდებულებას გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ქართველებს, როგორც ადამიანებს, არ გვაღიარებენ, ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს არჩევანს არ აღიარებენ. ეს ძალიან ბნელ ასოციაციებს იწვევს, როცა ჩვენ მთელი ერის არაფრად ჩაგდების პოლიტიკას ვხედავთ. ჩვენ ჩვენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

სამწუხაროა, რომ ელჩის და ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის ქცევით, გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის რეპუტაციას ისეთი ზიანი მიაყენა, რომ ამას წლები დასჭირდება, მართლაცდა, დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში. პირადად მე, მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანია ქართველების თვალში მეგობარი და გვერდში მდგომი იყო, დღეს, გერმანია ქედმაღლურად და ზემოდან მაყურებლის როლს ირგებს. ადამიანებად არ გვთვლიან, არადა გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლი გერმანიის წარსულის გათვალისწინებით იწყება სიტყვებით – ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. ჩვენს ღირსებას და უფლებას ეხებიან, რომ ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ. ჩვენს სუვერენიტეტს ეხებიან ასეთი არასერიოზული და გერმანიისთვის შეუფერებელი ქცევით. ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, თუ რას დაემსგავსა გერმანიის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა