ზახაროვამ, ეტყობა, აღარ დაამატა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს სანაცვლოდ საქართველო გაწევრიანდეს დსთ-ში და ევრაზიის კავშირში, ეს არის რუსეთისა და პუტინის ხედვა საქართველოსთვის, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება „მძიმე დარტყმას" მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან“.
ბოკუჩავას თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პუტინს დავალებებს ზედმიწევნით უსრულებს.
„სამწუხაროდ, დღეს არის დე-ფაქტო ხელისუფალი, რომელიც რუსეთის ყველა სტრატეგიულ მიზანს საქართველოსთან მიმართებით ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ართმევს და უკვე დე-ფაქტო წაართვა ყველანაირი პერსპექტივა, რომ ოდესმე საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ თვალსაზრისით ამ დავალებას ივანიშვილი 5-იანზე უსრულებს ზახაროვას და მის პატრონს ვლადიმერ პუტინს“ ,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში აქცევს საქართველოს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.
„ცოტა ღიმილის მომგვრელია ეს განცხადებები. შეიძლება, მარიამ ლაშხმა დაუწერა ბატონ კობახიძეს ეს კონკრეტული გამოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს რეჟიმი იმყოფება სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. ნაცვლად იმისა, რომ აწარმოოს ეროვნული, ევროპული, ქართული და სწორი საგარეო პოლიტიკა და საქართველო გაიყვანოს მართლა სამშვიდობოს, დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსურდული ბოდვით არიან დაკავებულები ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტები შათირიშვილის სახით და ე.წ. თანამდებობის პირები კობახიძის და სხვების სახით, რაც კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას, რაც აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, ჩვენდა სამწუხაროდ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, კობახიძის მიერ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე გაკეთებული ერთ-ერთი განცხადების თანახმად, არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ორგანიზაციებში, ისინი სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან და ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო, რაც უნდა შეიცვალოს.