ირაკლი კობახიძე - დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის

დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შედგა ასევე შეხვედრა ეუთოს გენმდივანთან, სადაც საუბარი შეეხო ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობას.

„ეუთოს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა. საუბარი გვქონდა ეუთოსთან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე. მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში დელეგაციის წევრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პოლიტიკურ ლიდერებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, რომელიც იმართება ჩვენს მეზობელ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში. მეორედ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფორუმში, წელსაც მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში. ასევე, ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას, რომ გავესაუბროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო. ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა. თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დიპლომატიის როლზე მშვიდობის უზრუნველყოფაში.

"გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პატრონაჟით მეხუთედ იმართება.

2026 წლის ფორუმის მთავარი თემაა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.

ფორუმი პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს