ჩვენ, „ძლიერი საქართველო -ლელო“ ირაკლი კობახიძისგან და ზოგადად, „ქართული ოცნებისგან“ შეჩვეულები ვართ ასეთ მუქარას. შექმნის დღიდან ჩვენ მუდმივად ვართ პოლიტიკური მართლმსაჯულების ქვეშ. ამიტომაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ჩვენ ვიქნებით ბრძოლის ყველა ხაზზე, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, ეს იქნება არჩევნები თუ ეს იქნება ქუჩის პროტესტი, ძლიერი საქართველო- ლელო იბრძოლებს ყველგან , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თქმითაც, ყველას შეუძლია მოემზადოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში.
ლანა გალდავას თქმით, შორს არ არის ის დღე, როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება და გაიმარჯვებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან ახლოს მდგომი დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები.
„ძლიერი საქართველო -ლელო“ შეჩვეულია მუქარის ტონს „ქართული ოცნების“ და ასევე, ირაკლი კობახიძის მხრიდან. ზოგადად, ასეთი მუქარა საჭიროა მაშინ, როდესაც ოპონენტი არის ძლიერი და ჩვენ ვიცით, რომ „ძლიერი საქართველო - ლელო“ არის ძლიერი და ამიტომ, მას უპირისპირდებიან ყველა აკრძალული მეთოდით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ჩვენ ვართ შეჩვეული ბრძოლას, ვიბრძოლებთ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე არჩევნების გზითაც, ვიბრძოლებთ ქუჩის პროტესტით და ნუ ექნებათ დიდი იმედი იმის, რომ ვინმე დაყრის ფარ-ხმალს. ჩვენი ბრძოლა დასრულდება აუცილებლად გამარჯვებით“, - განაცხადა ლანა გალდავამ.
ის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანაკლია აუცილებლად იქნება „ტრამპის გზის“ კარიბჭე.
„ჯო უილსონის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც „ძლიერი საქართველო - ლელო“ ამბობს მუდმივად, რომ ანაკლიის პორტი არის შეერთებული შტატების და ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებში. ანაკლიის პორტი უნდა გახდეს აუცილებლად „ტრამპის გზის“ კარიბჭე. აუცილებელია, რომ ის აშენდეს დასავლური ინვესტიციების ჩართულობით. სწორედ ანაკლიის პორტი გახლავთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია და ამისთვის საჭიროა სწორი შეთავაზება და სწორი შეთავაზება არის ის შეთავაზება, რაც განაცხადა „ძლიერმა საქართველო- ლელომ“,- განაცხადა ლანა გალდავამ.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში კონგრესმენმა ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ.
„ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაშფოთებს, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით.
ჩინეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ უკავშირდება ცენტრალური აზიიდან იშვიათი მინერალების ტრანსპორტის კონტროლს. ეს რესურსები საქართველოს გავლით უნდა გადავიდეს, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ.“- განაცხადა ჯო უილსონმა.