ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს-პატრიარქმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა და სხვებს საკუთარ საქმეებში არ ჩარევენ.
„გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი, რას აკეთებდა მაშინდელი პარლამენტი, მაშინდელი მთავრობა და მთლიანად ოპოზიცია. ხელი რას მოაწერეს? ჩვენს წინააღმდეგ წავიდნენ. ყველა ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა, აბა კარგად გადახედონ. გახარიას ნუ დააბრალებენ მარტო, იქ ვიყავი ხოლმე პატრიარქთან, როგორ მოდიოდნენ...
არ დავუშვებდი და არ დავუშვებ იმას, რომ ვიღაცებმა ეკლესიაში ის საქმე გაატარონ, თუ მათი არ არის. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ, ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ. ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება. პირველ რიგში, ღმერთთან იქნება პასუხისმგებელი და ჩვენთან, დანარჩენი ილუზიებია, ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს ეს გააკეთეთ და ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ და რა არა, ვინც ჩარევას დააპირებთ.
მაშინ{პანდემიის დროს} ეკლესიების დაკეტვას გვეუბნებოდნენ. შეეშინდათ და არ უნდოდათ, რომ ადამიანები გარდაცვლილიყვნენ. ბოროტები კი არ იყვნენ, ეგონათ, რომ სიკეთეს აკეთებდნენ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი განმარტებით, ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.
„დღეს რა ხდება, მოინდომეს მოსვლა ნაწილმა, ერთმა ქალბატონმა რომ თქვა ის გამიკვირდა, მერე რომ აჰყვნენ. ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. შეიძლება როცა მთავრობაში ხარ აკრძალო, რა არ შეიძლება ქუჩაში, თუნდაც ტროტუარზეც არ დამაყენო, ძალა თუ გააქვს გააკეთებ, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა. მე ერთი რამ მინდა ვთქვა - თუ ისინი ეკლესიურები არიან, მორწმუნენი ხომ ჰყავთ მათ, დაუძახონ და დაარიგონ, ვიღაც მრჩეველი ხომ უნდა ჰყავდეთ. ჩვენ კი არ დავძაბუნებულვართ, ეკლესიაში ყველას დავიცავთ, მერე შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ [მხარდაჭერა] დამაბრალონ, მე ქრისტიანად ვუყურებ ნებისმიერ ადამიანს, ჩემზე ძალიან ვინ ებრძოდა მათ? 2013 წლის 17 მაისს ვინ იყო იქ? დღევანდელზე ვიძახი პარლამენტში ვინც არიან, ან როდის იყო, ქვეყანას უჭირდა და იქ არ ვიყავი და ისინი იქ იყვნენ. ბოლო წლებში ეკლესია გვერდზე გადავიდა? რაც თქვენი საქმე არ არის, იმას ნუ აკეთებთ, ყველამ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ. უწმინდესი შეიძლება ამ ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვტოვა. მე ცოცხალი ვარ, სხვებიც ისე არიან და ამიტომ ერთად უნდა ვიაროთ წინ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს - პატრიარქის დაკრძალვაზე მთელი საქართველო შეიკრიბა და არც პარტიული დაყოფა იყო.
„კი ცდილობდნენ ერთად არ მდგარიყვნენ, მაგრამ ჩვენთან მაინც ყველა მოდიოდა. დღეს თუ შერიგების და ერთად ცხოვრების შანსია, საქართველო ხომ უფრო გაძლიერდება. ღმერთთან ყველას ადგილია. შეიძლება პარლამენტში ჰქონდეთ 150 ადგილი, თორემ ეკლესიაში ძალიან დიდი ადგილია. ცხონების გზაზე ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით. რასაც ვამბობ, სიყვარულით ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეგობრები არ მყავდეს ამ მთავრობაში და პარლამენტში, უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდე, ჩემი ქვეყნის მთავრობაა, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
ქუჩის და სახელმწიფოს კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსას საერთოდ ნუ შეეხებით, ან მოდით და გვკითხეთ. დაგარიგებთ, რომ ჭკვიანად მოიქცეთ. ლენინის, საბჭოთა კავშირის დრო ხომ არ არის. ძლიერად ვართ და ეკლესიაში მოსვლა ვისაც უნდა, არცერთი ადამიანის დაჩაგვრას არ დავანებებთ. თუ არადა, სცადეთ და რამდენ ხანს ცდით თითოეული ადამიანი, მაგასაც ნახავთ. არავინ ვნახო, რომ ეკლესიაში მოსული დააბრკოლოს. პირადად გავყვები, ბოლომდე და ვერავინ უშველის ვერც ჩვენს ქვეყანაში და ვერც გარედან. ღმერთს ქართველების ერთობა უნდა, პატრიარქსაც ერთობა უნდოდა. პატრიარქთან ისეთ თემებზე მაქვს ნასაუბრები, სხვასთან არავისთან ლაპარაკობდა, არცერთ ეპისკოპოსთანაც. კარგად ვიცი, როგორი საქართველო უნდოდა. ამიტომ, ისე გავაკეთოთ, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.
ჩვენ სახელმწიფოს საქმეში არ ვერევით, არც სახელმწიფო ერევა სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ, უვიცობის გამოა. კიდევ კარგი კათოლიკეები არ არიან, თორემ რომის პაპზე კათოლიკეები იქნებოდნენ ან შეიძლება ინკვიზიცია ჩაეტარებინათ. ძველად „ნაცები“ იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან და არ შეიძლება, ცოტა დავფიქრდეთ. ქრისტეს ქვეყანაა, ღვთისმშობლის წილხვედრი და შესაბამისად ვიცხოვროთ. დღევანდელი ჩემი ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ კრიტიკოსი ვარ. უბრალოდ, ვეუბნები, რომ ასეთი რაღაცები არ გააკეთონ. ჩვენს მხარდაჭერას დაკარგავთ და შეხედეთ ვინ დაგრჩებათ მერე. ეკლესიაში ჩვენს განწყობას გეუბნებით. კარგა ხანია ვუყურებთ და თუ ვდუმდით, აღარ ვიქნებით გაჩერებულები. ვინც არ უნდა ავირჩიოთ [პატრიარქად], შეიძლება ჩვენთვისაც მისაღები იყოს და გარეთაც ყველასთვის, მაგრამ იცოდეთ, არის საკითხები, რომელსაც ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიტანს, ესეც კარგად იცოდეთ. ვისაც მხარს დავუჭერთ, ის გახდება პატრიარქი, ესეც კარგად იცოდეთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.