მეუფე გიორგი - მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ

მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „დანიშნულმა“ პატრიარქმა შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს.

„შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, თუმცა ყოვლად დაუშვებელია, ირიბადაც კი, ამ პროცესებში ჩარევა. მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: „ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს; ასევე ყველა მისი თანამზრახველი“. კანონის თანახმად, ეპისკოპოსების, პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა. ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც. ეკლესია ყოველთვის გმობდა, ეპისკოპოსის დადგინებისას, სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას. მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს. ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს, როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული - ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი - და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს, რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს. ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სულიწმიდით გამორჩეული პატრიარქი, ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა „დანიშნული“ პატრიარქი, რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს - რისგანაც დაგვიფაროს უფალმა! მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება. ამინ!" - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში