თამარ ჩერგოლეიშვილი - 9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს, პროცესის ბოლომდე „აწევის“ თავი არ აქვთ - ეს რეჟიმი მაინც ქუჩით, სანქციებით და ალტერნატივით დამარცხდება

ივანიშვილის “ცხოველების ფერმის” წარჩინებული წარმომადგენლის, ბატონი პაპუაშვილის განცხადებით, ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, პარტიების აკრძალვა ისედაც ჰქონდათ მათ გადაწყვეტილი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული, რომ მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეხება, თუ პარტიები იკრძალება ქვეყანაში, ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესიც იკრძალება და „ფედერალისტები“ არანაირ ფორმალურ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის წევრები გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკას და აქციებით, საერთაშორისო სანქციებით და დემოკრატიული ალტერნატივის შეთავაზებით შეეცდებიან „რეჟიმისთვის ძირის გამოთხრას“.

„ჩვენთვის არაფერი იცვლება. ეს საჯარო განცხადება იყო, ამიტომ პაპუაშვილმაც და ყველამ კარგად იცოდნენ, რომ ჩვენი ფორმალურ პროცესში მონაწილეობა მათ არ ემუქრებოდათ იქამდე, ვიდრე ამ სამ პარტიას კრძალავდნენ. ეს არის ხელისუფლების სისუსტის, ანუ რეჟიმის სისუსტის გამოხატულება, იმიტომ, რომ 9-თვიანი ვადა გასდით იმ სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები და ან რამე ახალი უნდა მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს, იმიტომ, რომ არც ბოლომდე იმის აწევის თავი აქვთ, რომ პარტიები აკრძალონ. ეს რეჟიმი მაინც ქუჩით, საერთაშორისო სანქციებით და დემოკრატიული ალტერნატივით დამარცხდება და ჩვენ ახლა ვართ დემოკრატიული ალტერნატივის შექმნის პროცესში, იმისთვის, რომ ხალხს ვუთხრათ, რა მოხდება რეჟიმის მარცხის შემდგომ, რომ დამყარდება სამართლიანობა, რომ აღდგება სამოქალაქო უფლებები და გაუქმდება ყველა რუსული კანონი, მათ შორის, პარტიების ამკრძალავი ინიციატივები, რომ სუს-ი დაიშლება და შეიქმნება ისეთი უსაფრთხოების სტრუქტურა, რომელიც ჩადგება მოქალაქეების ინტერესების სამსახურში და არა რეჟიმის სამსახურში და რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროატლანტიკური განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს კიდევ ერთხელ სამართლიანობას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ჩვენი ამოცანა არის ეს. რეჟიმი რას აკეთებს, როგორ აკეთებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ რეჟიმი დღითი დღე უფრო სუსტდება და ჩვენ მას ძირი უნდა გამოვუთხაროთ აქციით, სანქციით და ალტერნატივით იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას და ეს რუსი მანქურთები თავისი პროპაგანდისტული ორგანოებიანად ჩაბარდეს წარსულში და ჩაიწეროს სირცხვილად ქართველი ხალხის ისტორიაში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას, იმიტომ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას იქნება ეს ავტოკრატიული თუ დემოკრატიული, სჭირდება აღიარება იმისთვის, რომ იფუნქციონიროს, აღიარება საზოგადოების მიერ, რომლის ნაწილიც ვართ პარტიები. ამ რეჟიმს ჩვენ არ ვაღიარებთ, იმიტომ, რომ ეს რეჟიმი არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ეროვნული გმირების მოღალატე რეჟიმი, რომელმაც მიატოვა საქართველოს ისტორიული გზა, ისტორიული მისია, მეგობრები მტრებად გამოაცხადა, მტრები - მოკავშირეებად და ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ ირანის, რუსეთის მოკავშირე რეჟიმი ჯიჯგნის საქართველოს და აუცხოებს თავისუფალ, დასავლურ, განვითარებულ სამყაროსთან და სწირავს რუსული სიღატაკისთვის. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, არაღიარება ვხედავთ, რომ ეფექტური იარაღია, ამას გვიდასტურებს რეჟიმიც, როდესაც კივის, გვაღიარეთ, თორემ დაგიჭერთო. ეს ნორმალურია, მათ ნამდვილად სჭირდებათ აღიარება, მათ ძალიან ცუდად აქვთ საქმე და ჩვენ კიდევ ერთხელ აქციით, სანქციით და ალტერნატივით შევავიწროებთ რეჟიმს ისე, რომ დათმობებზე წამოვიყვანოთ და ჩამოვშალოთ იმისთვის, რომ ხალხმა დაიწყოს ცხოვრება დემოკრატიულ გარემოში,“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ალიანსი აპირებს ყველა რესურსის გამოყენებას, მათ შორის სასამართლოსი.

„ჩვენ ვაპირებთ ყველა რესურსის გამოყენებას, რაც რეჟიმისთვის ძირს გამოგვათხრევინებს, მათ შორის სასამართლოსი, თუ ეს შეიძლება იყოს გზა იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლომდე მივიდეთ და იქაც მოვახდინოთ რუსული რეჟიმის დისკრედიტაცია იმისთვის, რომ ჩამოვშალოთ და ქვეყანა გავათავისუფლოთ რუსეთისგან. ჩვენ დაუფარავად ვამბობთ, რომ იგივე ბრძოლაში ვართ, რა ბრძოლაშიც ჩვენი თანამემამულეები 9 აპრილს იყვნენ, რა ბრძოლაშიც 91 წლის რეფერენდუმზე ვიყავით. დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი იმ რეჟიმისგან, რომელიც ქვეყანა რუსულ ჭაობში ტოვებს დამოუკიდებლობის ფასად იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ქვეყანა კი არ მართოს, არამედ ძარცვოს ყველაზე უმწეოების ხარჯზე“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელის საფუძველზე იმ პარტიების რაოდენობა იზრდება, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, კერძოდ პარტიების ჩამონათვალს პარტია „ფედერალისტები“ ემატება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ