თაზო დათუნაშვილი - პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოქალაქეების ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ უბადრუკი კომისიები შეიქმნებოდა

გამოსავალი იმისთვის, რომ ფასების ზრდა არ გაგრძელდეს, არსებობს - დროებითი ღონისძიებით განახევრდეს აქციზის გადასახადი, დაწესდეს ფასების ზედა ზღვარი. ამ ორიდან ერთ-ერთიც კი იქონიებს ეფექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბეს დააზღვევს უფრო მეტი გაღარიბებისგან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ ეს უბადრუკი კომისიები შეიქმნებოდა“.

„როგორც ვამბობდით უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაიწყო უგუნური პოლიტიკა ფასებთან მიმართებაში და ძალადობრივი დამოკიდებულება ბიზნესთან, ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი უკუშედეგს გამოიწვევდა, არათუ ფასების ზრდა. კიდევ ერთი ინდექსი ემატება „საქსტატის“ სასურსათო მონაცემების ზრდას, ეს არის საქართველოში პროდუქციის წარმოების ინდექსი, რომელიც აგრეთვე გაიზარდა.

აბსოლუტურად ყველა პროდუქტის წარმოება ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში გაზრდილია. ეს არის მარტის მონაცემები და ამ ყველაფერს დაემატება კიდევ საწვავის ფასის ზრდა შემდეგ თვეებში და კატასტროფულ მონაცემებამდე მივალთ. ერთი მხრივ უგუნური პოლიტიკა და მეორე მხრივ უმოქმედობა საწვავის ფასის ზრდასთან მიმართებაში გამოიწვევს ძალიან მძიმე და სავალალო შედეგებს ქართული ბიზნესისთვის. კერძოდ, დამუშავებული მრეწველობის პროდუქციაზე ფასი გაიზარდა 5%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03% პუნქტით ახდენს გავლენას, კვების პროდუქტებზე 7.8%-ით და სასმელ პროდუქტებზე 6.2%-ით არის ზრდა.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5%-ით ზრდა. ხოლო, წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით. აღსანიშნავია ჯგუფში შემავალი ფასების ზრდა - სასმელებზე და რაფინირებულ ნავთობზეც, ანუ საწვავზეც.

საწვავის გარდა, მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიის საფასური პირველი აპრილიდან გაიზარდა 33%-ით, ანუ შემდეგ თვეს უნდა ველოდოთ ნეგატიურად კიდევ დაკორექტირებას ამ ინდექსის. მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ შეწყვიტეთ ეს მავნებლობა, ფასების კომისიები, სუს-ის შევარდნები სხვადასხვა ორგანიზაციებში. ამ ყველაფრის სათავეში დგას ირაკლი კობახიძის, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უგუნური ინიციატივა, რომ ეს პროცესი დაეწყო, რასაც კასკადურად მოჰყვა ის მასკარადი, რომელსაც ახლა ვუყურებთ მათ შორის პარლამენტში. პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ ეს უბადრუკი კომისიები შეიქმნებოდა. გამოსავალი იმისთვის, რომ ფასების ზრდა არ გაგრძელდეს არსებობს, ეს გამოსავალი არის ის, რომ დროებითი ღონისძიებით განახევრდეს აქციზის გადასახადი, დაწესდეს ფასების ზედა ზღვარი. ამ ორიდან ერთ-ერთიც კი იქონიებს ეფექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბეს დააზღვევს უფრო მეტი გაღარიბებისგან. იმოქმედეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ირაკლი კობახიძემ, რადგან მთელ ამ ავანტიურაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს უგუნურ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც წამოიწყო ეს პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც კრახით მთავრდება“,- განაცხადა დათუნაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ