„ოპოზიციის ალიანსში“  შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ „პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა“  მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება

„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია", “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარ პოზიციას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, “პერსონალური თავდასხმები”, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება, ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს, მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის „კონფრონტაციული განცხადებებისგან“.

„ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.

ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული”, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც რეგიონებში შეხვედრებზე და ადამიანებთან უერთიერთობაზე საუბრობს.

განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი კონკრეტულ სახელსა და გვარებს ან პარტიულ კუთვნილებას არ ახსენებს, თუმცა მისი თქმით, "იმისთვის, რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა, ხალხიც გულწრფელად გიყვართ”.

მისი განცხადებით, „იმისთვი, რომ ეს ხალხი რუსთაველზე მოვიდეს, ჯერ თქვენ უნდა იყოთ მათთან ნამყოფები კამერების გარეშე და გახსნილი გულით”.

სააკაშვილი ოპოზიციურ სპექტრზე მინიშნებით ასევე წერს: „ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და "ფეისბუქის" კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე”.

სააკაშვილის თქმით, რეგიონებში არსებობს მხოლოდ „ბიძინა VS მიშა და არ რჩება ადგილი თქვენთვის. პრინციპში ქალაქებშიც თუ ბაბლს გასცდებით იგივე სიტუაციაა“.

სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი, არის მისი ყოფილი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა 2018 და 2021 წლებშიც და აღნიშნავს, რომ ამიტომ „როცა იმავე რეგიონებში ზოგიერთი თქვენგანი მიდის ლოზუნგით - „არც მიშა, არც ბიძინა“, ბუნებრივად განიცდით სულ კრახს”.

სააკაშვილს მაგალითად მოჰყავს 2024 წელი და წერს, რომ „ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა, ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი“.

სააკაშვილი ამავე “პოსტში“ აღნიშნავს, რომ „ახლა ივანიშვილი სულ უფრო ჩნდება თავის ოჯახთან ერთად, რითაც ამზადებს თავისი ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას და გვაჩვევს დინასტიურ მმართველობას“.

სააკაშვილის თქმით, ყველაფერი ეს „გვაჩვენებს, რომ ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია.

გარდა ამისა, სააკაშვილი თავის ვრცელ პოსტში, რომელიც 18 მარტს გამოქვეყნდა, საუბრობს მის გამოცდილებაზე და ხალხთან ურთიერთობაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ