პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა პარლამენტს მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას გულისხმობს, შემდეგ კვირაში უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება და პარლამენტი ოთხშაბათს სამივე მოსმენით მიიღებს.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატს, გორდულაძე განმარტავს, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა და დასკვნა დაიწეროს უფროსის გადადგომის ნამდვილობის თაობაზე, შემდეგ ეს ყველაფერი წარედგინება პლენარულ სხდომას, ცნობად იქნება მიღებული და შემდეგ უკვე ჩატარდება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, სადაც განხილული იქნება კანდიდატი, ამის შემდეგ კი პლენარული სხდომა დაამტკიცებს ახალ კანდიდატს.
„რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, საქართველოს მთავრობა პარლამენტს მიმართავს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შემდეგ კვირაში უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება პარლამენტში. შემდეგ განისაზღვრება შესაბამისი კომიტეტი და ჩატარდება მოსმენები. სამივე მოსმენით საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათ დღეს უკვე მიიღებს აღნიშნულ ინიციატივას. ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატს, ისიც წარდგენილი იქნება. ჯერ პროცედურულად არის საჭირო, რომ ჩატარდეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა და დასკვნა დაიწეროს უფროსის გადადგომის ნამდვილობის თაობაზე, შემდეგ ეს ყველაფერი წარედგინება პლენარულ სხდომას, ცნობად იქნება მიღებული და შემდეგ უკვე ჩატარდება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, სადაც განხილული იქნება კანდიდატი. შემდეგ ბიურო, შემდეგ პლენარული სხდომა და უკვე პლენარული სხდომა დაამტკიცებს ახალ კანდიდატს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ამ საკითხს ცნობად მიიღებს. ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების სამი მოსმენით მიღების შემდეგ და მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი მოაწერს ხელს და გამოქვეყნდება, იგი დღის ბოლოს 00:01 წუთზე შევა ძალაში და უკვე შემდეგ დღეს იქნება შესაძლებელი, რომ დაინიშნოს მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე”, - აღნიშნა გორდულაძემ.
ამასთან, გორდულაძემ შეაფასა მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და აღნიშნა, რომ, მამუკა მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას და მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს „ქართულ ოცნებას“ და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პოლიტიკურ სივრცესაც.
„ძალიან ბევრი სუბიექტური და კიდევ უფრო მეტი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს. როდესაც არსებობს სისტემა, რომელიც არის არსებითად სხვა რელსებზე გადასული, როდესაც სუს-მა დაიწყო ძალიან ბევრი რეფორმა და პირადად მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა ყველაფერ ამას, ის განსაკუთრებით გამორჩეულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აღკვეთაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა იკისროს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჰქვია მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების სისტემის წაძღოლა. ამავდროულად, მამუკა მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას და მისი დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გუნდს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პოლიტიკურ სივრცესაც.
ამავდროულად შს მინისტრობის პოსტზე უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა შსს-ში, გამორჩეულია ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულების, ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით და თავისი ხედვა დაატყო ბატონმა გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს. წარმატებებს ვუსურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს ახალ თანამდებობაზე, რომელსაც ჰქვია სუს-ი.
სისტემა, რომელსაც საბოლოო ჯამში კოორდინაციას გაუწევს ბატონი მამუკა მდინარაძე, იქნება ორიენტირებული სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამავდროულად, როგორც შიგნიდან, ისე გარედან მომავალ საფრთხეებს შეეწინააღმდეგება ისე ეფექტურად, როგორც იგი სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე ახორციელებდა თავის საქმიანობას”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.