მიხეილ სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად  - მეგობრებო, გაასწორეთ სამიზნე, დროა, გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან

მე ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან. მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ, - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებას (9 პარტიისგან შემდგარი ალიანსიდან რვა პარტიის მიერ გავრცელებულს), რომელიც გამოეხმაურა სააკაშვილის 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს.

როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში წერს, იგი ყოველთვის ერთობის მომხრე იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ სუსტი და მყიფე ერთობა ვერ შეძლებს ეფექტურად დაუპირისპირდეს მმართველ ძალას.

„იმისთვის არ გვაქვს თავი გადადებული საქართველოსთვის საბრძოლველად, რომ მათ ვინც ახლა ივანიშვილს უნდა ებრძოდნენ, მთავარ სამიზნედ ისევ მე ამირჩიონ.

მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის.

ყველასათვის ნათელია, ვისაც პირადი ეგო არ სძალავს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა მე ვარ. საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მე მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მეტი დრო ციხეში და ამიტომ მაქვს ყველაზე მეტი მისჯილი. ამავე დროს არანაირი პრეტენზია არ მაქვს ერთპიროვნულ ლიდერობაზე და ეს ბევრჯერ მითქვამს.

ივანიშვილმა სხვადასხვა პირების მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობაში” ბზარი შეიტანა 2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რამაც რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 2018 წელს როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე.

უფრო მეტიც, ოპოზიციურ ტელევიზიებში (ერთ-ერთი მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო) მთლიანად დამბლოკეს. შესაბამისად, ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებში ხმების შენარჩუნება. მეგონა ამ ყველაფრის შემდეგ მივიღეთ გამოცდილება და სხვა რელსებზე გადავედით, მაგრამ როგორც ჩანს ეს ზოგიერთისთვის სხვანაირად მოხდა.

ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე. როგორ მოხდა, რომ „ალიანსმა“ მთელი ეს დრო არცერთი განცხადება არ გააკეთა იმაზე თუ რა რეალური პრობლემები აწუხებს ხალხს. უკიდურეს გაჭირვებაზე, ავტომობილების და ბოთლების კანონზე და ბევრ სხვა კონკრეტულ პრობლემაზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად.

მე ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან. მეგობრებო გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია", “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარ პოზიციას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, „პერსონალური თავდასხმები”, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება, ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს, მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის „კონფრონტაციული განცხადებებისგან“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია