რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გააკეთა და საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე ისაუბრა, რა არგუმენტებს ეყრდნობა, თბილისის მერის თქმით, ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ.
„სანქციებთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია. დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის მომავალს და ქართველი ხალხის ინტერესს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია დაცული. რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი.
ზოგადად ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებით და შანტაჟით შემოიფარგლებიან. ამდენი ხანია მათგან მოდის მუქარა, თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს, რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მაშინ როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყანა თავად საუბრობს მსგავსი კანონის აუცილებლობაზე. ჩვენ რომ ეს კანონი მივიღეთ, გახსოვთ რა შემოტევები იყო და დღესაც იგივე გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„თუ მეკითხებით ზოგად განწყობაზე, მაშინ შემიძლია გიპასუხოთ, რომ დიახ, ზოგადი განწყობა არსებობს, რადგან თუ მოვითხოვდით სანქციების დაწესებას, მაგალითად, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ქმედებებს სჩადიან თავისუფალი მედიის ოპოზიციის წინააღმდეგ, მაშინ 26 ქვეყანა მხარს დაგვიჭერდა და ერთი წინააღმდეგი წავიდოდა“, - განაცხადა კაია კალასმა პრესკონფერენციაზე „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
კერძოდ, კალასს დაუსვეს შეკითხვა, როგორია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ზოგადი განწყობა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე მიზნობრივი სანქციების მხრივ, თვლიან თუ არა ისინი, რომ მიზნობრივი სანქციები შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი, რათა წაახალისოს „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას ხალხის ნების შესაბამისად და უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელ პირებს თავიანთი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
„ახლა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი ასევე ეხება საქართველოს; მოაქვს თუ არა ამას ახალი იმპულსი ამ მხრივ? ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ ვნახოთ. ნამდვილად, დღეს ძალიან კარგი დისკუსია იყო ამ საკითხებზე, ასევე ჩართულობაზე. რადგან ზოგიერთი ამბობდა, რომ უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. საბოლოო გაგება ის არის, რომ ჩვენ აუცილებლად უფრო მეტად უნდა ვიურთიერთოთ ქართველ ხალხთან, მათ შორის თბილისის გარეთაც, რათა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ევროკავშირი იქ არის და რომ ჩვენ ნამდვილად კეთილი ფიქრებითა და ნებით მოვდივართ. მაგრამ ამავდროულად, ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გადავცეთ საქართველოს მთავრობას, რომ მათი მიმართულება არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომელსაც ევროპა წარმოადგენს. ასე რომ, ეს იყო დღევანდელი განხილვის თემა და ჩვენ ხელახლა განვიხილავთ სანქციებს, როგორც კი ახალი მთავრობები მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან“, - აღნიშნა კალასმა.