ევროკავშირის რიტორიკა ძალიან ბუნებრივია - ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშეს და რა თქმა უნდა, არ სურს, ბოლომდე ჩახერგოს ყველა გზა და საქართველო დაკარგოს, - ამის შესახებ დიპლომატმა, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომ „საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს და ქვეყანამ კურსი უნდა შეცვალოს“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, თავისი ქმედებებით, ქართველი ხალხის ნებას ბლოკავს და შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ასეთი განცხადებები ჩვეულებრივი ამბავია.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არა რომელიმე მთავრობის პრივილეგია ან გადაწყვეტილებაა, არამედ ეს არის ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნება. ეს არის ჩვენი ისტორიული ადგილი. როდესაც ხალხის ნება მოითხოვს, რომ ჩვენ განვახორციელოთ პროდასავლური კურსი და გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს და ამის პარალელურად, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ პროცესის შეჩერებას და განადგურებას, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ასეთი განცხადებები ჩვეულებრივი ამბავია. ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის ნება, მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ქმედებები, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ბლოკავს. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არის ჩვეულებრივი ამბავი. „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ ჰქონდა შანსი და ახლაც აქვს, რომ გამოასწოროს ის ნაბიჯები, რაც მან ბოლო წლებში გადადგა და დაუბრუნდეს კვლავ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. ამაზე ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა და კონკრეტული პირობებიც არსებობს, რისი შესრულების შემდეგაც, საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ის რიტორიკაც, რაც ევროკავშირიდან მოდის, ძალიან ბუნებრივია. ისინი ხედავენ ხალხის ნებას. რა თქმა უნდა, ისინი მხარს ქართველ ხალხს უჭერენ. ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშეს და რა თქმა უნდა, არ სურს ბოლომდე ჩახერგოს ყველა გზა და საქართველო ბოლომდე დაკარგოს,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კახა კალაძის პოზიციას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი უნდა დაიბაროს.
ხატიაშვილის შეფასებით, ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება“ არა თითის დაქნევა, არამედ მითითებაა იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში არსებობს, თუმცა მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამის დანახვა არ სურს.
„ბოლო თვეებში არა ერთხელ ვნახეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების დაბარება. იმ ქვეყნების ელჩების, რომლებსაც საქართველოსთვის რეალურად კარგი უნდათ და უკვე აქვთ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის. პარალელურად, ვხედავთ, რომ არ იბარებენ ისეთი ქვეყნის ელჩებს, რომლებიც მართლა თითს უქნევენ და შეტევას ახორციელებენ ჩვენს სუვერენიტეტზე. აქედან გამომდინარე, ეს არ არის თითის დაქნევა, ეს არის უბრალოდ მითითება იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში არსებობს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ამის გათვალისწინება და ამას აღიქვამს არა როგორც მეგობრულ რჩევას, არამედ, პირიქით, მუქარად და თითის დაქნევად,“ - აღნიშნა დიპლომატმა.
გარდა ამისა, ის მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ინსტიტუციურ გაძლიერებაზე გავლენა არ აქვს და ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.
„საქართველოში ინსტიტუტები იმდენად დასუსტებულია, რომ ასეთი ტიპის დაწინაურებები, ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, არ მგონია, არსებითად რაიმეს ცვლიდეს. ამას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური სახე აქვს. ვნახეთ, რომ ახალი სამინისტრო შეიქმნა, კადრების გადალაგება მოხდა, მაგრამ რეალურად, ამას ინსტიტუციურ გაძლიერებაზე გავლენა არ აქვს. გადაწყვეტილებები მაინც მიღება იმ ფორმით, რითაც აქამდე მიიღებოდა. ასეთი ტიპის ე.წ. დაწინაურებები, არ მგონია, რაიმე სახის მნიშვნელობას ატარებდეს. ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.
ამასთან, მან გადაცემაში ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა თუ ვერ მოხერხდება, კონფლიქტი ე.წ. გამოფიტვის რეჟიმში გადავა.
„მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება 1-2 კვირაში ან 1 თვეში. ამას, რა თქმა უნდა, გაგრძელება ექნება. მე ვფიქრობ, თუ ვერ მოხერხდება რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა, ეს კონფლიქტი ე.წ. გამოფიტვის რეჟიმში გადავა და საბოლოოდ მიმართული იქნება იქეთ, რომ რეჟიმის შიდა რღვევა მოხდეს და ამ მხრივ შეიცვალოს სიტუაცია. ვიცით, რომ კონფლიქტში ისრაელიც ჩართულია და ამერიკას და ისრაელს განსხვავებული მიზნები აქვთ. ამერიკისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის გახსნა, ასევე ახლო აღმოსავლეთში მისი სტრატეგიული მოკავშირეების უსაფრთხოება, ხოლო ისრაელის პრიორიტეტი არის უშუალოდ რეჟიმის ცვლილება, რადგან ისრაელისთვის ირანის რეჟიმი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. პრიორიტეტები განსხვავებულია, თუმცა ვფიქრობ, ისრაელიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც მზად არიან ამ კონფლიქტის გაგრძელებისთვის. ამის რესურსი მათ ნამდვილად აქვთ. თუ ვერ მოხერხდა რაიმე შეთანხმების გაფორმება, იმის რესურსიც არსებობს რომ კონფლიქტი გაგრძელდეს,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.