გიორგი რუხაძე - რა არის განსაკუთრებული იმაში, რაც ჰერჩინსკიმ თქვა და რასაც პატრიოტი არ იტყოდა?! მართლაც ასე მოხდება, თუ ივანიშვილს ძალაუფლება არ წაართვეს - რაც შეეხება პაპუაშვილისა და კობახიძის განცხადებებს, ნამუსიც კარგი საქონელია

რა არის განსაკუთრებული იმაში, რაც ჰერჩინსკიმ თქვა, რასაც ამ ქვეყნის პატრიოტი და საქართველოს მოყვარე არ იტყოდა?! სრულად ვეთანხმები ჰერჩინსკის და ვუწონებ მას ამ რიტორიკას, - ასე აფასებს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელშიც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ „საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ აღნიშნა, ჰერჩინსკის განცხადება „ზუსტი და დროულია“.

„პაველ ჰერჩინსკის ზუსტი და დროული განცხადებაა. მართლა ასე მოხდება თუ საქართველოს მოსახლეობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, დარჩენილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ივანიშვილს არ წაართვეს ძალაუფლება, რომელიც უკანონოდ აქვს მიტაცებული. დაიხურება გაფართოების ფანჯარა და საქართველო დარჩება რუსეთის, ირანის და ჩინეთის ამარა, რის ნიშნებსაც ვხედავთ. რა არის განსაკუთრებული იმაში, რაც ჰერჩინსკიმ თქვა, რასაც ამ ქვეყნის პატრიოტი და საქართველოს მოყვარე არ იტყოდა?! სრულად ვეთანხმები ჰერჩინსკის და ვუწონებ მას ამ რიტორიკას. არ მგონია მას ადარდებდეს, დაიბარებენ თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროში. გაძევება ნაკლებად სავარაუდო მგონია. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება პირველი შემთხვევა არ არის: დიდი ბრიტანეთის ელჩიც დაიბარეს, გერმანიის ელჩიც. რეალურად, ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხაზს“,- განაცხადა რუხაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ჰერჩინსკის განცხადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაზეც, სადაც პაპუაშვილმა თქვა, რომ „თუ ისტორიაში რამე ბნელი ყოფილა, ეს იყო უცხო ძალების მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“.

მისივე თქმით, ხელისუფლების რეაქციები დასავლელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ განსხვავებულია. მან გაიხსენა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებები და აღნიშნა, რომ ამაზე ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება არ ყოფილა.

„ევროკავშირის ელჩს იბარებ საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმუქრები ამით, მაგრამ როდესაც ირანის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოს დაემუქრა - დაიბარეს ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში? საერთოდ ვინმემ რამე თქვა? რამდენიმე კვირის წინა გამოვიდა ზახაროვა და მუშტები გვიქნია, თუ კი ევროკავშირისკენ გაიხედავთ ემბარგოს დაგიწესებთო და ენერგო პრობლემებს შეგიქმნითო, ამაზე ვინმეს რეაქცია ჰქონდა? პრემიერ-მინისტრი ან შალვა პაპუაშვილი ყოველ კვირას რომ გამოდის და ანტიევროპული განცხადებებით რომ გამოირჩევა, არადა თუ ვინმეს აქვს „ნაჭამი“ ევროპული ფული და გერმანული ფული ეს პაპუაშვილია. კობახიძეს კი განათლების ყველა დონე გერმანიის გადასახადების გადამხდელების ხარჯზე აქვს მიღებული. რა ნამუსით ლაპარაკობენ ეს ადამიანები გერმანიაზე და ევროპაზე? ნამუსიც კარგი საქონელია“,- განაცხადა რუხაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია