ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის

ადვოკატ მარიამ პატარიძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატინი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, ციხის ადმინისტრაციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგანაც „ზვიად რატიანის პიროვნების გათვალისწინებით მისთვის ნებისმიერი შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის“.

ადვოკატის განმარტებით, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც ზვიად რატიანი მსჯავრს იხდის, მკაცრი დაწესებულების ტიპს შეესაბამება, აღნიშნული შეზღუდვით კი მსჯავრდებულს პაემნების რაოდენობა ეზღუდება.

„ფაქტი არის, რომ ციხის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ცხადია, სასამართლოში გავასაჩივრებთ, რადგანაც არ არსებობს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულება მისი პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იყოს. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება არის შაბლონური იმ ადამიანების მიმართ, რომელთა პატიმრობაც უკავშირდება საპროტესტო აქციებს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, გასაკვირი არ იყო, უბრალოდ, მართლაც კომიკური არის, როდესაც სამარტოო საკანში მყოფს ეცვლება რეჟიმის ტიპი. მოტივად დასახელდა ზვიად რატიანის პიროვნებიდან მომეტებული საფრთხე. სავარაუდოდ, არ გადაიყვანენ და იქვე დატოვებენ, რადგანაც თვითონ გლდანის მე-8 დაწესებულება შეესაბამება მკაცრი დაწესებულების ტიპს, ანუ იმას, რაც ჩაუწერეს, უბრალოდ შეზღუდვები არის პაემნების რაოდენობის მხრივ“, -განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, პოეტ ზვიად რატიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის ოქტომბერში 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება