მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, მაგრამ გაფართოება არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად - ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას, რათა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მყარი საფუძველი შეიქმნას

ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამავდროულად, საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმზე“ განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი.“

მინისტრის თქმით, ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ამასთან, თანამედროვე უსაფრთხოება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო კომპონენტით და მოითხოვს უფრო ფართო, მრავალმხრივ მიდგომას.

„დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ევროპული უსაფრთხოების შექმნაზე ვსაუბრობთ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა, თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარს დაუთმო.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი და ისტორიული არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი.

გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვნის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.

„მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოსა, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე, ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოს მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანია,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება