„ოპოზიციური ალიანსი“ ისევ ისეთია, როგორც აქამდე იყო - რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფ, რომ იყო კამათი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.
კითხვაზე, “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაწყებული კამათი შესაძლოა თუ არა ალიანსიდან ამ პარტიის გასვლით დასრულდეს, გვარამიამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, თუმცა იმედი აქვს, რომ ასე არ მოხდება.
“როცა ალიანსი კეთდებოდა, ბუნებრივია, არავის ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა. იმასაც ვიტყვი, რომ გაერთიანება 2024 წელს თუ ვერ შედგა, მათ შორის იმის გამო ვერ შედგა, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებები და კამათი, შესაძლოა, საარჩევნო კოლაფსით დამთავრებულიყო. ახლა ეს მხოლოდ ალიანსის ფარგლებში მიმდინარე კამათია, რომელიც როგორც ალიანსს დიდად არ გვაზიანებს, მაგრამ როგორც საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიაში ძალიან დაგვაზიანებდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ აქვე განმარტა, რომ ოპოზიციურმა ალიანსმა განცხადება მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის გამო არ გააკეთა. მისი თქმით, ალიანსმა ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა პერსონალურ თავდასხმას ნიკა მელიას მიმართ.
“ყველას შევახსენებ, რომ როცა პარტიას ჰყავს ლიდერი, რომელიც ციხეშია, ამ დროს მგრძნობელობა ყოველთვის მაღალია. ჩვენზე რომ ეთქვა, საერთოდ არ ჩავთვლიდი, რომ პასუხი გაგვეცა, მით უფრო პატიმრობაში მყოფისთვის. ნიკა მელია იგივე შემთხვევა არ არის - ის ციხეშია, პოლიტიკური პატიმარია და ციხიდან დაცვას ისე ვერ მოახერხებს, როგორც ჩვენ - მისი პარტია. ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს და ეს გავაკეთეთ.
რაც შეეხება ცენზურას, ალიანსს განცხადებაში გვიწერია, რომ ჩვენი ამოცანა ცენზურა არ არის და ვერც იქნება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიცია იმ საფუძვლით გააკრიტიკა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია არა აქვთ. ოპოზიციურ ალიანსში შემავალმა პარტიებმა სააკაშვილს სპეციალური განცხადებით უპასუხეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის ალიანსის პრინციპებს – ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის და თავდასხმებისაგან თავის შეკავების შესახებ არღვევდა. ამას მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან საპასუხო კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.