დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია, რომლის უმთავრეს მოვალეობას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, მით უმეტეს ბავშვთა სიცოცხლეზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს,- ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ბრიფინგზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ანი ქავთარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა (არ არის პრივილეგია), რომელიც საქართველოში ყოველდღე ირღვევა“.
„ამის მაგალითია ჯანდაცვის სერვისების ორგანიზებულობის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის და მძიმე დაავადების მართვის საკითხი, რომლის განვითარების პირობაც „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დადო, თუმცა ვხედავთ, არაერთი ბავშვი ოჯახებთან ერთად სიცოცხლის გადასარჩენად ემიგრირებს სხვა ქვეყნებში.
ქვეყნის დასავლეთიდან იზოლაცია უდრის ჩვენი ბავშვებისთვის დასავლურ მედიცინას და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვას. არამხოლოდ იშვიათი, არამედ ზოგადად, სხვა დიაგნოზის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემები სისტემურად რომ გადაწყდეს, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორობა. ამავდროულად, რთულია ვისაუბროთ მაღალტექნოლოგიურ მედიცინაზე, მაშინ როდესაც „უნისეფის“ გასული წლის დასკვნის მიხედვით, საქართველოში ბავშვების თითქმის მეოთხედი ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს სვამს, მათ შორის, ბაღებსა და სკოლებში, რასაც ადასტურებს სეს-ს უკანასკნელი მონაცემებიც.
იმ ბაღებსა და სკოლებში, რომლის რეაბილიტაციისა და მშენებლობის თანხასაც იპარავს მიტაცებული ხელისუფლება და მიმართავს საკუთარი ჯიბეებისკენ, მკურნალობისა და დაავადების მართვისთვის საჭირო თანხას ვერ პოულობს“, -აღნიშნავენ ალიანსში.
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგი წერეთლის თქმით, არავინ ითხოვს ისეთი მედიკამენტის შემოტანას, რომელიც ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს.
„ჩვენ არ ვითხოვთ ისეთი პრეპარატების შემოტანას, რომელიც შექმნის საფრთხეებს და ვიცით, აქ უპასუხისმგებლო არავინ არის. გვესმის, რომ სადაც არ არსებობს მტკიცებულება, მაგრამ რაღაც პროცესი დაწყებულია და რაღაც ნებართვებია გაცემული, ამ პრეპარატზე არის საუბარი, ასევე სხვა სერვისებზე. მარტო პრეპარატით არ მოდის ეფექტი. კონკრეტული პრეპარატებია, რომლის გამოყენება ბევრ ქვეყანაში დაწყებულია“, - აღნიშნავს წერეთელი.