ანა ბუჩუკური - ბევრი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი „ფეისბუქ“ „ბაბლით“ განსაზღვრავს ქვეყანაში განწყობებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი საზოგადოებრივ განწყობებს მხოლოდ სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით აფასებს, რაც, მისი თქმით, რეალობას სრულად არ ასახავს.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია აუცილებელია.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი „ფეისბუქ“ „ბაბლით“ განსაზღვრავს ქვეყანაში განწყობებს. 21-ე საუკუნეში სოციალური მედიის ძალა ძალიან კარგად მესმის, მაგრამ „ფეისბუქ“ განწყობა და „ფეისბუქ“ „ბაბლი“ არ არის განწყობა. რეგიონში უნდა ჩახვიდე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მან ოპოზიციურ ფლანგზე, კერძოდ „ოპოზიციური ალიანსის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ეს მოვლენები პროგნოზირებადი იყო.

მისი თქმით, მოსახლეობა დაღლილია პოლიტიკური დაპირისპირებით.

„დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ ამ მოვლენას, თუმცა ეს ყველაფერი განჭვრეტადი იყო. შეიყრებიან, გაიყრებიან... აქ მთავარი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს ყველაფერი ყელში აქვს და დაღლილია ამ ყველაფრის ყურებით.

სააკაშვილიც იყო, ვინც ადამიანებს მოუწოდებდა არჩევნებზე არ წასულიყვნენ. პარტიებს, რომლებიც ვთვლით, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია, მოღალატეებს გვეძახდნენ. ვნახეთ რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებმაც 180 გრადუსით შეცვალეს თავიანთი ნათქვამი. პოზიციის ცვლილებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ცვლილება უნდა იყოს ორგანული, უნდა გამოხვიდე და საკუთარ ამომრჩეველს მაინც უნდა უთხრა, რომ შეგეშალა. მაგრამ არა, ამას არავინ აკეთებს. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მან ასევე ისაუბრა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე. ბუჩუკურის თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა კოორდინირებდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. უპორტფელო მინისტრი.

ბუჩუკურის თქმით, მამუკა მდინარაძემ საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილი მოვლენების შესახებ. მისი შეფასებით, ეს პროცესები წარმოადგენდა წინასწარ დაგეგმილ სპეცოპერაციას, რომელიც, მისი თქმით, დაგეგმილი იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და „ქართული ოცნების“ მიერ.

„ვიღაც უპორტფელო მინისტრმა როგორ უნდა გაუწიოს სუს-ს კოორდინაცია. ეს არის მცდელობა სახე შეუნარჩუნონ პერსონალურად მამუკა მდინარაძეს. გვამცნეს, რომ გენერალ-მაიორის სტატუსი მიანიჭეს, საღამოს კოორდინატორად ჩამოქვეითდა. გენერალ-კოორდინატორის ფუნქცია მიიღო მამუკა მდინარაძემ.

ტრაბახით რომ ილაპარაკა მოსმენები გავზარდეთო, ეს რაღაც კარგი ჰგონია?

მდინარაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ 4 ოქტომბერს რა იგეგმებოდა. ჩვენ საზოგადოებას 4 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე ვაფრთხილებდით, რომ ეს იყო პროვოკაცია, სუს-ში და „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. საზოგადოება ახლა ძალიან კარგად ხვდება, რომ ნამდვილად სუს-ის და „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო. ეს აღიარა მამუკა მდინარაძემ. მან თქვა, რომ პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყოო. ანუ პოლიტიკურად გვჭირდებოდა დამატებითი პატიმრებიო... “, - განაცხადა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, რატომ ისაუბრა მდინარაძემ ამ თემებზე, ბუჩუკურმა ასე უპასუხა: „იმ მომენტში [ინტერვიუს დროს] ემოციურად კომფორტულად ვერ იქნებოდა, რადგან დილით გენერალ-მაიორად დანიშნეს და მერე გენერალ-კოორდინატორად. ვფიქრობ, რომ ეს იყო იმიჯის გადარჩენის მცდელობა“.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება