თბილისში, ლილოში მდებარე მუნიციპალურ თავშესაფარში, დღეის მდგომარეობით, 114 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, მათგან 71 მამაკაცია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 92 წლის არის.
„თბილისში, ლილოში, დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები, კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24 - საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს.
თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი, უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით. მიუსაფარ პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით, სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა. მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. ასევე, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და შემდგომში თვითდასაქმებისთვის ტრენინგები ტარდება. მოქალაქეს, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თავისით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით (სურვილისამებრ) შეუძლია მისვლა. თავშესაფარში მოსახვედრად საჭიროა დედაქალაქში რეგისტრაცია“,- აცხადებენ მერიაში.