რუსეთის ფედერაციამ ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 900-მდე დრონი, 1 400-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 60 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსების მიერ გამოყენებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობა ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია PURL -ის ინიციატივა (ნატო-სა და აშშ-ის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარებას), ასევე ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტისა და უკრაინის მხარდასაჭერად 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დამტკიცება.
„ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად დროულია ახალი პარტნიორის წვლილი PURL ინიციატივაში, ასევე ევროკავშირის მიერ სანქციების მე-20 პაკეტის და კვიპროსში შეთანხმებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცება. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს, ვინც გვეხმარება“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი მტკიცებით, უკრაინის საჰაერო სისტემის მიერ დრონების მოგერიების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე აჩვენებს წარმატების ძალიან მაღალ მაჩვენებელს დრონების მოგერიებაში - 90%-ზე მეტს. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს არა მხოლოდ დრონების, არამედ ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგაც. საჰაერო თავდაცვის რაკეტების ყოველი დამატებითი მიწოდება ნიშნავს გადარჩენილ სიცოცხლეებს და უკეთეს დაცვას ჩვენი ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.