თსსუ-ის გუნდი Sim University-ის საერთაშორისო კონკურსის SESAM Lyon 2026 ფინალშია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე თსსუ-ის სტუდენტური სიმულაციური კლუბის წევრები: ივლიანე სურმავა, ბაჩანა აფციაური, მელიტა მელიქიშვილი და სოფო ჩომახიძე Sim University-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის SESAM Lyon 2026 ფინალში არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის შესარჩევი პირველი ეტაპი მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა. კონკურსში, რომელშიც თსსუ-ის სტუდენტური გუნდი იღებდა მონაწილეობას დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. კონკურსი მოიცავდა ციფრულ სიმულაციურ ამოცანებს, რომლებიც მონაწილეთა ცოდნის ინტეგრაციას, გუნდური მუშაობის უნარებსა და ინტერპროფესიული კოორდინაციის ხარისხს აფასებდა.

14 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე 6 გუნდი იასპარეზებს.

ფინალური რაუნდი გაიმართება 2026 წლის 17–19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, SESAM-ის (Society for Simulation in Europe) 31-ე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში. ფინალური ეტაპის მონაწილეებს საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე შეაფასებენ.

კონკურსის მოსამზადებელი პროცესი განხორციელდა თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოწვეული პედაგოგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი კვიცინაძე.

Sim University SESAM-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის მიზანია სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების გზით მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების ხელშეწყობა. პროექტი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტთა ინტერპროფესიულ გუნდებს და ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კლინიკური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას რთულ კლინიკურ პირობებში.

თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი 2017 წლიდანაა სიმულაციების ევროპული ასოციაციის (SESAM) ქსელის წევრი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026