საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები თბილისის N86-ე და N52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, გაეცნენ თანამედროვე სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, ასევე დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და უფრო ახლოს გაცნობოდნენ უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივებს. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციას და უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.

„ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ. ისინი აქტიურად ერთვებიან პროექტებში, მუშაობენ ინოვაციურ იდეებზე, ეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს და იძენენ იმ კრიტიკულ და პროფესიულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდა საუბარი სკოლის მოსწავლეებთან. მათი მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი, ჩართულობა და მოტივაცია გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალი თაობა უკვე გააზრებულად ეკიდება პროფესიის არჩევას და მზად არის, საკუთარ განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახონ უნივერსიტეტის გარემო, გაეცნონ სასწავლო პროცესს და უფრო გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება შევთავაზოთ და დავეხმაროთ მათი ინტერესების აღმოჩენაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს კარინა გიორგაძეს, თბილისის N60-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს და შორენა ხორავას, თბილისის N52-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სწორედ ასეთი ერთობლივი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტად დავუახლოვდეთ მომავალ თაობას და მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

ცნობისთვის, 73 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა - „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია" და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება