თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას - „ქართული მეცნიერული ფარმაცია: წარსული და აწმყო“ (ISPC 2026) უმასპინძლა.
კონფერენცია გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრა:
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიამოვნოა ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ეს არის სამეცნიერო კონფერენცია, რომლითაც ჩვენი უნივერსიტეტი ამაყობს. ეს განპირობებულია იმით, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს ფლაგმანს საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებისა და გავრცელების მიმართულებით. აღნიშნული მისია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და შესაბამისად, ეს კონფერენციაც მისი განუყოფელი ნაწილია.
მეორე მხრივ, დღევანდელი დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმითაც, რომ კონფერენცია ეძღვნება ამ დარგის გამორჩეულ წარმომადგენელს - ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს, რომლის ღვაწლი და წვლილი ფარმაკოქიმიის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია.“
კონფერენციის გახსნის ცერემონიის ოფიციალურ ნაწილში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
ქართული ფარმაცევტული მეცნიერების განვითარებაზე და ამ დარგში აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის წვლილზე ისაუბრა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„ქალბატონო ეთერ, თქვენი ღვაწლი ნათლად ადასტურებს, რომ მეცნიერება ყოველთვის ეფუძნება ცოდნის უწყვეტობას, წარსულის გამოცდილებასა და მომავლის ხედვას. დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ უწყვეტი განვითარების გზის გამოხატულებაა, იგი აერთიანებს სხვადასხვა დარგის მეცნიერებს - ფარმაცევტს, ქიმიკოსებს, ფარმაკოლოგებს, კლინიცისტებს და ინოვატორებს და ხაზს უსვამს მულტიდისციპლინური კვლევების მნიშვნელობას. კონფერენციის თემატიკა მოიცავს როგორც კლასიკურ მიმართულებებს, ასევე თანამედროვე გამოწვევებს - ეს სინთეზი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე მეცნიერება ეფუძნება ინტეგრაციას, თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას.“ - განაცხადა განათლების მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სამეცნიერო და პრაქტიკული მიმართულებების ინტეგრაციის აუცილებლობას და ამ პროცესში აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის განსაკუთრებულ როლს, ასევე მის დამსახურებას ეროვნული და საერთაშორისო მეცნიერების სივრცის განვითარებაში.
„დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამეცნიერო და პრაქტიკული მიმართულებების კოლაბორაცია, რაც უზრუნველყოფს მეცნიერების პრაქტიკულ გამოყენებას, ამავდროულად, პრაქტიკის მეცნიერულ საფუძველზე განვითარებას. შესაბამისად, მივესალმები ამგვარ თანამშრომლობას და გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თსსუ-ის მიმართ. მადლობა თსსუ-ის რექტორს თანამშრომლობისთვის.
მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, გაგიზიაროთ ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა ქალბატონ ეთერის მიმართ. აუცილებელია, მომავალ თაობებს ვუამბოთ მისი ღვაწლის შესახებ. თუ ვინმე იმსახურებს, რომ იწოდებოდეს სამაგალითო პიროვნებად, ერთ-ერთი, უპირველესად არის ქალბატონი ეთერი.
ის არის პიროვნება, რომელმაც საკუთარი ავტორიტეტით შეძლო ჩვენი ქვეყნის წარდგენა საერთაშორისო დონეზე. ჩემი სამინისტროს და ზოგადად სამედიცინო საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდი მას.“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ორდღიანი კონფერენცია, რომელიც 24-25 აპრილს გაიმართა მოიცავდა პლენარულ ლექციებს, ზეპირ და პოსტერულ პრეზენტაციებს. კონფერენციის თემები იყო: ფარმაკოგნოზია, ფარმაკობოტანიკა, ბიოაქტიური შენაერთების სინთეზი, AI ფარმაციაში და მედიცინაში, კლინიკური ფარმაცია, ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია, ფარმაცევტული და სამედიცინო ქიმია, ფარმაცევტული ანალიზი და სტანდარტიზაცია, ფარმაცევტული ტექნოლოგია და წამლის შემუშავება, მენეჯმენტი და მარკეტინგი.
კონფერენციას ესწრებოდნენ თსსუ-ის და თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, ფარმაციის სპეციალისტები, სამკურნალო და სინთეზური ქიმიის ექსპერტები, ანალიტიკოსები, ფარმაკოლოგები, ასევე წამლების კვლევასა და შემუშავებაში მომუშავე მეცნიერები.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მულტიდისციპლინური ჯგუფის შეკრება. ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს თანამედროვე ფარმაცევტული მეცნიერების უახლესი მიღწევები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები: საქართველოდან, ბელგიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.
„აღნიშნული კონფერენცია, რომელსაც თსსუ მასპინძლობს, გარდა იმისა, რომ ატარებს გაცნობით ხასიათს, ასევე არის დარგისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებების გაზიარების პლატფორმა. ამ ფორმით ყალიბდება ურთიერთობები საქართველოსა და უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებს შორის, რომელიც იძლევა საშუალებას გაგრძელდეს ერთობლივი პროექტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ." - განაცხადა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ გეთიამ.
კონფერენციის დასასრულს აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ მადლობა გადაუხადა მისი 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს, ასევე მადლიერება გამოხატა მოწვეული სტუმრების მიმართ.
„აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და დამოკიდებულებები მიმდინარე სამეცნიერო პროცესებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი მოხსენებები მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ფარმაციის მეცნიერების განვითარებაზე საქართველოში.
განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მოწვეული სტუმრების მიმართ. ასეთი სახით თანამშრომლობა წარმოადგენს ურთიერთობების გაღრმავების, დარგის გაძლიერების, ეროვნული ფასეულობებისა და ბუნების დაცვის მნიშვნელოვან საფუძველს.“ - აღნიშნა აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ.
ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მიშელ ფრედრიშს, ლიეჟის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორს.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.