„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“ - ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“

საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“ - ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, მიუხედავად მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი უამრავი დარღვევისა, სახელმწიფო ეფექტურად ვერ რეაგირებს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და კონკრეტული პირების უკანონო ქმედებებზე.

ამასთან, განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ სოციალურ ქსელებში, ე.წ. ინფლუენსერები „ვეიპებისა“ და „გასახურებელი თამბაქოს“ პოპულარიზაციას ეწევიან.

„თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსების მიუხედავად, ეფექტურად ახერხებს ფიზიკურ სივრცეში კანონის აღსრულების კონტროლს. თუმცა მდგომარეობა კრიტიკულია „ციფრულ ჯუნგლებში“, სადაც თამბაქოს ინდუსტრიამ ბრძოლის ველი გადაიტანა. სოციალურ ქსელებში, სამწუხაროდ, ფულს დახარბებული ინფლუენსერები „ვეიპებისა“ და გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას ეწევიან, რითაც ფაქტობრივად პირდაპირი იერიში მიაქვთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

  • ამ ომში საქართველო მარტო არ არის, თუმცა სხვები მოქმედებენ. თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგია - გამოიყენოს სოციალური მედია რეგულაციების გვერდის ასავლელად, ახალი არ არის, თუმცა ცივილიზებული სამყარო მას მკაცრად პასუხობს:
  • აშშ-ში, მას შემდეგ, რაც კომპანია JUUL-მა ინფლუენსერების მეშვეობით ახალგაზრდებში ნიკოტინზე დამოკიდებულების ეპიდემია გამოიწვია, FDA-მ (წამლისა და საკვების ადმინისტრაცია) მრავალმილიონიანი ჯარიმები დააკისრა მათ მწარმოებელს და მკაცრად აკრძალა არომატიზებული პროდუქტები.
  • ახალი ზელანდია არის ქვეყანა, რომელიც „თამბაქოს გარეშე ეპოქის“ (Tobacco-free generation) დასაწყებად ემზადება და ყოველგვარ ციფრულ მარკეტინგს აღიქვამს როგორც კრიმინალს და არა გამოხატვის თავისუფლებას.
  • დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააცნობიერა, რომ „ნაკლები ზიანის“ მითი ინდუსტრიამ ბავშვების მოსაზიდად გამოიყენა, რის გამოც ახლა ვეიპების დიზაინსა და ხელმისაწვდომობაზე რადიკალურ შეზღუდვებს აწესებს.
  • საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“. ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“. ეს არის ჯანმოს “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა” (FCTC) და “თამბაქოს კონტროლისა” და “რეკლამის შესახებ” კანონების პირდაპირი დარღვევა, რომელიც კრძალავს თამბაქოსა ან ნიკოტინის ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამა, პოპულარიზაციასა და სპონსორობას.
  • მიუხედავად მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი უამრავი დარღვევისა, სამწუხაროდ, სახელმწიფო ეფექტურად ვერ რეაგირებს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და კონკრეტული პირების უკანონო ქმედებებზე.

ფაქტია, თამბაქოს ინდუსტრია არის რეალური მტერი, რომელიც:

  1. აფინანსებს ცალკეულ პირებსა და კამპანიებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინააღმდეგ.
  2. ანგრევს მომავალ თაობას, რაც ქვეყნის დემოგრაფიული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
  3. აწვება მძიმე ტვირთად ბიუჯეტს: თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა სახელმწიფოსა და დაზარალებულ მოქალაქეებს რამდენიმე მილიარდი ლარი უჯდება - გაცილებით მეტი, ვიდრე ინდუსტრიას გადასახადების სახით შეაქვს.

თუ სახელმწიფო არ გაამკაცრებს კონტროლს ციფრულ სივრცეში და არ აღკვეთს ინფლუენსერების მიერ ნიკოტინის პროპაგანდას, მივიღებთ:

  • ახალგაზრდების მასობრივ დამოკიდებულებას „ტექნოლოგიურ ნიკოტინზე“.
  • სამედიცინო ხარჯების კატასტროფულ ზრდას უახლოეს 3-5 წელიწადში.
  • კანონის სრულ ნიველირებას - როდესაც რესტორანში მოწევა აკრძალულია, მაგრამ ეკრანიდან მოზარდს „ვეიპინგისკენ“ მოუწოდებენ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

  1. სოციალურ ქსელებში თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმის ნებისმიერი ფორმით გამოჩენის მკაცრ მონიტორინგს და ინფლუენსერების დაჯარიმებას.
  2. სამედიცინო პერსონალის იზოლირებას თამბაქოს ინდუსტრიის ფინანსური გავლენებისგან.
  3. აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას და მონიტორინგის პროგრამის ადეკვატურ დაფინანსებას.

ჯანმრთელობა არ იყიდება! სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, ვის ინტერესებს იცავს - საკუთარი მოქალაქეების თუ მულტინაციონალური თამბაქოს გიგანტების“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026