მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის ხაიფაში შესვლის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის პოტენციალი აქვს და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ ამას ძირი არ უნდა გამოუთხაროს. რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს სათანადო რეაქცია უკრაინის სამართლიან მიმართვაზე წინა გემთან დაკავშირებით, რომელმაც მოპარული საქონელი ხაიფაში ჩაიტანა. ახლა, როდესაც კიდევ ერთი მსგავსი გემი ხაიფაში შევიდა, ჩვენ კვლავ ვაფრთხილებთ ისრაელს, რომ მოპარული მარცვლეული არ მიიღოს და ჩვენს ურთიერთობებს ზიანი არ მიაყენოს“, - წერს სიბიგა X-ზე.
ანდრეი სიბიგას ცნობით, კიევში ისრაელის ელჩი საგარეო უწყებაში საპროტესტო ნოტისა და სათანადო ზომების მოთხოვნის გადასაცემად ხვალ დილით დაიბარეს.
სიბიგას სოციალურ ქსელში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ბრალდებები მტკიცებულებებს არ წარმოადგენს“.
„ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ წარმოდგენილი არ არის. თქვენ იურიდიული დახმარების მოთხოვნაც კი არ გაგიკეთებიათ, ვიდრე მედიასა და სოციალურ ქსელებს მიმართავდით. ამ საკითხის შესწავლა მოხდება“, - აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ისრაელის გაზეთ Haaretz-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ისრაელში, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეულის ოთხი პარტია გადმოიტვირთა.