გია ხუხაშვილი - “სამთავრობო ცვლილებები ირანის ომს და ორბანის წაგებას უკავშირდება”
იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
მირიან მირიანაშვილი - “ამერიკისთვის პრიორიტეტი ანაკლიის პორტის მშენებლობა კი არა, იქიდან ჩინეთის გაძევება იყო და ეს უკვე მოხდა”
ზელენსკის ისტორიული ვიზიტი აზერბაიჯანში
ნანუაშვილი - “ჩხრეკებით რომ რამე ეპოვათ, არ დაფიქსირებულა, თუმცა ახალგორელების ოჯახებში შესვლა ისევ გრძელდება”
* * *
გია ხუხაშვილი - “სამთავრობო ცვლილებები ირანის ომს და ორბანის წაგებას უკავშირდება”
“ეს ბოლო ცვლილებები (არ ვგულისხმობ მხოლოდ მდინარაძის გათავისუფლებას, უფრო საყურადღებოა, ვინ დაინიშნა მის ნაცვლად და რა გადაადგილებები მოხდა), ჩემი აზრით, სისტემური ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების “ხელით მართვის” პრინციპებს უბრუნდება. ბოლო პერიოდში მას ეს “საბელი” გარკვეულწილად დაგრძელებული ჰქონდა, რაც კობახიძის დაჯგუფებას რეალური ძალაუფლების ფლობის ილუზიას უქმნიდა. ახლა კი, ასე ვთქვათ, “შიდაკონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” პროცესია, როდესაც რეალური ძალაუფლება და პოლიტიკური პროცესი ერთმანეთისგან გამიჯნულია. ბუნებრივია, ამას მოჰყვება კობახიძისა და მისი დაჯგუფების ერთგვარი “სტერილიზაცია”. როდესაც არა გაქვს რეალური ძალაუფლება, შენი როლი მხოლოდ მითითებების შემსრულებლის ფუნქციით შემოიფარგლება და მეტი არაფრით. სწორედ ამ მდგომარეობაში აბრუნებს დღეს ივანიშვილი კობახიძეს, რომელსაც “საბელი” მაქსიმალურად დაუმოკლეს და პრაქტიკულად, აღარანაირი შეხება არ გააჩნია რეალურ ძალაუფლებასთან”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “სამთავრობო ცვლილებები ირანის ომს და ორბანის წაგებას უკავშირდება?!”
“ამ დამოკლებული საბლით “ეშაფოტზე აყვანა” და იქ სკამისთვის ფეხის წაკვრა უკვე პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ფაქტია, სიტუაცია შემზადებულია - მისი მოშორება ისეთივე უმტკივნეულო იქნება, როგორიც ერთი სატელეფონო ზარი. პრემიერების ასე გაშვება საქართველოში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. როდის მოუნდება ბიძინას ამ სკამისთვის ფეხის წაკვრა, ეს მეორე საკითხია. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის გარშემო განვითარებული რთული მოვლენების საბოლოო გარკვევას. უნგრეთი იყო პირველი სიმპტომი იმისა, რომ კობახიძე მოსაშორებელია, რადგან ის ერთადერთი აქტივი, რაც მას გააჩნდა - ვიქტორ ორბანთან პირადი ურთიერთობა - უკვე ამოწურულია. ირანი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქ, ფაქტობრივად, დღეს მომავალი მსოფლიო წესრიგის კონფიგურაცია წყდება. ბიძინამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ქვეყანას აშენებს: აგრძელებს სვლას რუსულ იმპერიაში რეინტეგრაციისთვის, თუ გადადის ეგრეთ წოდებულ “აზერბაიჯანულ მოდელზე”. პირდაპირ გეტყვით და ცივ წყალს გადაგასხამთ: ბიძინას ხელში დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება არ გვიწერია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მათ აქვთ არჩევანი ორ მოდელს შორის: პირველი - რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაცია (რისთვისაც ბოლო პერიოდში ყველაფერი კეთდებოდა); მეორე - გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი დასუსტებულია, დისტანციის დაჭერა და ქვეყნის აწყობა აზერბაიჯანის მოდელზე. სწორედ ამ დილემის წინაშე დგას დღეს ივანიშვილი. თუ აზერბაიჯანულ გზას აირჩევს, მაშინ ეს კობახიძე-პაპუაშვილები და რუსული იმპერიული მენტალობის მატრიცაზე მომუშავე პირები, ბუნებრივია, უნდა ჩამოშორდნენ პროცესებს. მათი ჩანაცვლება მოხდება შედარებით ზომიერი კადრებით, რომლებიც ავტორიტარიზმზე კი დათანხმდებიან, მაგრამ ეს არ იქნება რუსეთში ინტეგრირებული ავტორიტარიზმი. უფრო იქნება ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არ არის, მაგრამ გარკვეულწილად შენარჩუნებულია საკუთარი საგარეო პოლიტიკა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ბიძინამ, ფაქტობრივად, ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბა. თამაზაშვილიც და გელაძეც არიან პროფესიონალები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არ შედიან. ისინი უბრალო შემსრულებლები არიან, დავალება-შესრულების პრინციპით მუშაობენ და არ გააჩნიათ პოლიტიკური ამბიციები, განსხვავებით კობახიძის გუნდისგან. ივანიშვილმა კომფორტი შეიქმნა - მოიყვანა ხალხი, რომლებიც დავალების შემთხვევაში ძალიან მარტივად “შეჭამენ” კობახიძეს. ამ შემთხვევაში ოჯახურ კავშირებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, პოლიტიკურად არაამბიციური კადრი. რაც შეეხება პრემიერობას, ბიძინას, ალბათ, ორი კანდიდატი ეყოლება: ერთი რუსული გზისთვის და მეორე - აზერბაიჯანული მოდელისთვის. პრემიერს მინიმუმ ენების ცოდნა და საგარეო მოლაპარაკებების წარმოება მოეთხოვება. გავრცელებული ხმებით განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება მდინარაძეს, მე მგონია, ისე მივიდა სუს-ში და ისე წამოვიდა, დღესაც არ იცის კარგად, რა ორგანიზაციაში მუშაობდა... ალბათ, კულუარებში დასცინოდნენ კიდეც; რა თქმა უნდა, პირში ეპირფერებოდნენ, მაგრამ ზურგს უკან მასზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა... მას სერიოზულად არავინ აღიქვამს, არც ბიძინა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“შეტევა ჰერჩინსკიზე რეალურად ევროკავშირზე შეტევაა. დემონიზაცია ხდება არა პერსონის, არამედ მთელი ევროპის. ის რიტორიკა, რომლითაც მას მიმართავენ, აბსოლუტურად აგრესიული და უტიფარია. ესაა ევროპისგან “მტრის ხატის” შექმნის მორიგი ცდა - ვინაიდან ხელისუფლება საკუთარ თავს ვერ დააბრალებს, რომ ევროინტეგრაცია არ გამოდის, ბრალი მეორე მხარეს უნდა გადაიტანოს. ეს არის პირდაპირი რუსული შეკვეთა და კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოება მოამზადონ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოსაღებად, რაც რუსეთის მოთხოვნაა, რაც ზახაროვას განცხადებებიდანაც გამოჩნდა. რუსეთს ესმის, რომ ბიძინამ შეიძლება ორმაგი თამაში წამოიწყოს, ამიტომ ცდილობენ ხიდები საბოლოოდ დააწვევინონ... ევროპაში ჩამოყალიბდა განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება სრულად რუსული ინსტრუქციებით მოქმედებს. შესაბამისად, ისინი ვერ ხედავენ დიალოგის აზრს, მიიჩნევენ, რომ აზრი არა აქვს “ფოსტალიონთან” ლაპარაკს. მათ მშვენივრად იციან, რომ დღეს ყველაფერს ქვეყანაში ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, რაც განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტისას”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ე.წ. ოპოზიციური ალიანსი არ არის რეალური ერთობა; ეს არის რაღაც გაუგებარი და აბსოლუტურად ტოქსიკური გაერთიანება. ერთმანეთს იმდენად ვერ იტანენ, რომ ელემენტარულ, ფორმალურ თამაშის წესებსაც კი არ იცავენ და ყოველ წუთს ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში არიან. როდესაც ალიანსები იქმნება, ბუნებრივია, მასში შემავალ პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ მსოფლმხედველობრივი ან პოლიტიკური წინააღმდეგობები, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ეს გარკვეულ ფორმებშია მოქცეული. აქ კი ჩვენ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე - აბსოლუტურად სუბიექტური და ემოციური დაპირისპირების მოწმეები ვართ. ეს ყველაფერი იმდენად ტოქსიკურია, რომ რაღაც დიდ ერთობაზე ლაპარაკი არასერიოზულია. დავუშვათ, აქვთ ერთჯერადი მიზანი, რომ 26 მაისს აქცია ჩაატარონ; შეიძლება “კბილების ხრჭიალით” აქამდე მივიდნენ კიდეც, თუმცა ამ პროცესში ერთმანეთს იმდენად აზარალებენ, რომ უკვე ეჭვი მეპარება, ეს აქციაც მაინცდამაინც ისე შედგეს, როგორც მათ სურთ. ეს არის აბსურდული მოცემულობა, აბსურდული არგუმენტებით”, - თვლის რესპონდენტი.
“წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი მხარე მეორის ე.წ. უპირობო ბელადს მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, რომ “ხმა ჩაიგდოს”. ეს ხომ სრული აბსურდია. ისინი ისე არიან ამ მდგომარეობაში გახლართულები, რომ ვერც ხვდებიან და ვერც იაზრებენ, რას აკეთებენ. თუ დავაკვირდებით ამ ალიანსის ბუნებას და მის ძირითად მოთამაშეებს, დავინახავთ, რომ ყველა “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოსული “რენეგატები” არიან. საერთოდ გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამ ფაფხურსა და ქაოსს რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკასთან. ჯამში, რასაც ისინი აკეთებენ, მთლიანად ხელისუფლების სასარგებლო თამაშია. ისევე, როგორც თავის დროზე, 4 ოქტომბრის წინ, როდესაც გარკვეული მოლოდინი შეიქმნა და ცვლილებები დაანონსდა, ისიც ხელისუფლების თამაში იყო, რაც საბოლოოდ დრამატულად დასრულდა. ზუსტად იგივე მოლოდინი მაქვს ახლაც. ფაქტობრივად, ვიღაც ხელისუფლებიდან ათამაშებს ახალ-ახალ სცენარებს, მერე კი კაბინეტებში სხედან და ოპოზიციის საქციელზე, უფრო სწორად, უსაქციელობაზე, იცინიან...” - დასძენს გია ხუხაშვილი.
იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
“შაბათს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამი სროლის გამო შეწყდა. საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ტრამპი, პირველი ლედი და ადმინისტრაციის წევრები “ვაშინგტონ ჰილტონიდან” ოპერატიულად გაიყვანა. დაკავებულია 31 წლის კოულ თომას ალენი, რომელმაც აღიარა, რომ მისი სამიზნე ქვეყნის მაღალჩინოსნები იყვნენ. სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სასტუმროს ფოიეში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ გაემართა. მედიის ცნობით, იგი “ჰილტონის” სასტუმროს სტუმარი იყო და სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. მედიის ცნობით, დაკავებული კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორანსის მკვიდრი, 31 წლის კოულ თომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში, ლოს ანჯელესიდან 15 კილომეტრში მდებარე ქალაქ ტორენსში ცხოვრობს. იგი მასწავლებელია და ბოლო ექვსი წელია ერთ-ერთ კალიფორნიულ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც კოლეჯის მისაღები გამოცდებისათვის ამზადებს აბიტურიენტებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები და თავდამსხმელის ბიოგრაფია.
“გარდა ამისა, ალენი, ინტერნეტში განთავსებული მისი რეზიუმეს თანახმად, ვიდეოთამაშების შემქმნელია. მისი სპეციალიზაციაა ე.წ. შუთერების სტილის თამაშები. მან 2017 წელს პასადენაში დაამთავრა კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით. მოგვიანებით კი დომინგეს ჰილზში მდებარე კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიტერული მეცნიერებების განხრით მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მას ბრალი ედება იარაღთან დაკავშირებულ ორ დანაშაულში, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველზე სასიკვდილო იარაღით თავდასხმაა. დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილს კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი არ დაუსახელებია, როგორც სამიზნე და მხოლოდ “ადმინისტრაციის ოფიციალური პირები” ახსენა. მოგვიანებით, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “თავდამსხმელი დაკავებულია”. მან საიდუმლო სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს “სწრაფი და მამაცური” მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა, პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ მას და მის გუნდს არ ჰქონდათ ინფორმაცია სროლის ინციდენტამდე რაიმე სახის მუქარის შესახებ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა კაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს შეუტია და ის საიდუმლო სამსახურის რამდენიმე ძალიან მამაცმა წევრმა გაანეიტრალა, რომლებმაც ძალიან სწრაფად იმოქმედეს. კაცი დააკავეს. ვფიქრობ, კალიფორნიაში ცხოვრობს. ის ავადმყოფია, ძალიან ავადმყოფი. ერთი ოფიცერი დაიჭრა, მაგრამ გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ მას აშკარად ძალიან კარგი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა. მას ძალიან ახლო მანძილიდან ესროლეს ძალიან ძლიერი იარაღიდან და ჟილეტმა თავისი საქმე გააკეთა. ახლახან ვესაუბრე ოფიცერს და ის შესანიშნავად გრძნობს თავს, შესანიშნავ ფორმაშია. ვინ გააკეთებდა ამას, თუ არა ავადმყოფი? ვფიქრობ, რომ თქვენ მის შესახებ ყველაფერს გაიგებთ”, - წერს ტრამპი და ამბობს - “როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა და მეც ამას ვგრძნობ”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პირობა, რაც დღეს საღამოს მოხდა და ვიტყვი, რომ იცით, ეს არ არის განსაკუთრებით უსაფრთხო შენობა და არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს თეთრ სახლში ყველა ატრიბუტი. მათ ეს საბანკეტო დარბაზი 150 წლის განმავლობაში სურდათ მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებულია, რადგან დღეს ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ისეთი დონე, როგორიც ალბათ აქამდე არავის უნახავს”, - დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა. საინტერესოა, რომ სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც 1981 წლის 30 მარტს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დაჭრეს. თავდამსხმელმა ჯონ ჰინკლი უმცროსმა რეიგანს მაშინ ესროლა, როცა ის სასტუმროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლიმუზინში ჯდებოდა. რეიგანი გადარჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა. პრეზიდენტის ლიმუზინის კორპუსიდან ასხლეტილი ტყვია მას მკერდში მოხვდა, ნეკნი მოტეხა და ფილტვი დაუზიანდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, საიდანაც საბოლოოდ 11 აპრილს გაწერეს”, - დასძენს გამოცემა.
მირიან მირიანაშვილი - “ამერიკისთვის პრიორიტეტი ანაკლიის პორტის მშენებლობა კი არა, იქიდან ჩინეთის გაძევება იყო და ეს უკვე მოხდა”
“ირაკლი კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ის მზად არის ნებისმიერი საკადრო ცვლილებისთვის ახალი პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად. პრობლემა ის არის, რომ ამერიკელები მოითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე საკადრო ცვლილებებია. თუ გადავხედავთ, რა პრინციპზე გადაიტვირთა შუა აზიის რესპუბლიკების, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, დავინახავთ ერთ თვალში საცემ კანონზომიერებას: ეს ყველგან ანტირუსულ საფუძველზე მოხდა და ივანიშვილმა იცის, რომ საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ ის ახლა საკადრო ცვლილებებით ცდილობს ოპერატიული პაუზის შევსებას. გლობალური დასავლეთი, რომელთან ურთიერთობაშიც ერთი ვექტორი უნდა გვქონოდა, წარსულს ჩაჰბარდა...” - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “საქართველო აღმოჩნდა გლობალური გადალაგების პროცესში, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცე სწრაფად იცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას” / “საკადრო ცვლილებები, მათ შორის მდინარაძის საკითხი, ფართო პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ”.
“ივანიშვილმა უნდა იზრუნოს ამერიკელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, რომელთა როლი და შესაძლებლობები კავკასიაში ფუნდამენტურად განსხვავდება ევროპელებისგან. რუსეთი შეიძლება მუდმივად დაამშვიდო ევროპელებთან პოლიტიკური კინკლაობით, მაგრამ ამის უფლება ვაშინგტონთან არა გაქვს. შს მინისტრად თამაზაშვილის დანიშვნა სწორედ მდინარაძის მოხსნის საპირწონე ადმინისტრაციული სვლაა... ევროკავშირი და ბრიტანეთი კავკასიაში ერთად მოქმედებენ, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და შუა აზიაში. ევროპელებმა ბრიტანეთის პოლიტიკურ ნარატივებს აუბეს მხარი ამიერკავკასიაში და ახლა აქტიურად დებენ ფსონს თურქეთის როლის გაძლიერებაზე, ამერიკა კი ცდილობს ყოფილი საბჭოთა სივრცისგან საკუთარი პროტექტორატის სისტემის ჩამოყალიბებას. საუბარია რუსეთისგან დისტანცირებული ახალი პოსტსაბჭოთა სივრცის კონსტრუირებაზე, სადაც მოიაზრება შუა აზია და მთლიანად კავკასია. ეს იმდენად მასშტაბური პროექტია, რომ ეტაპობრივად გაჟღერდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მკვეთრად ანტირუსული და ანტიჩინური აღქმა. მისი გარკვეული ნაწილი უახლოეს თვეებში, ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე და მის შემდეგ გახდება საჯარო. ამ კონტექსტში ივანიშვილს დროის შეზღუდული რესურსი აქვს. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები, მათ შორის მდინარაძის საკითხი, ფართო პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“აღარც კი მეგონა, თუ რუსი ჯაშუშების დაკავებას მოვესწრებოდი. ვფიქრობ, ასეთი ფაქტები გახშირდება. ესეც პოლიტიკური გადატვირთვის ნაწილია და ასევე სიგნალია ამერიკისთვის. რუსებმა ეს რეაგირების გარეშე რომ დატოვეს ე.ი. პროცესები კულუარულად არის შეთანხმებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ტყუილზე აგებულ თამაშთან. ეს ივანიშვილის მოქმედების სტილია: ფრთხილი, წინასწარ გათვლილი ნაბიჯები... გლობალურად მიმდინარე პროცესები რუსეთის პოზიციების შესუსტების მიმართულებით ვითარდება. პუტინი ცდილობს, რაც შეუძლია შეინარჩუნოს და რაც ვერა, დროულად დათმოს. მოსკოვში კარგად ხვდებიან, რომ მათი რესურსები სუსტდება როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ეს ბუნებრივად აისახება კავკასიაზეც”, - მიიჩნევს აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და შეკითხვაზე - “რამდენად იკვეთება ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის საკითხის შესაძლო გააქტიურება?” - პასუხობს:
“ამერიკისთვის პრიორიტეტი პორტის მშენებლობა კი არა, იქიდან ჩინეთის გაძევება იყო და ეს უკვე მოხდა. საქართველო აღმოჩნდა გლობალური გადალაგების პროცესში, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცე სწრაფად იცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას. დღეს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ჯგუფად მოიაზრება რუბიო-გრემის დაჯგუფება, ტრამპის ოჯახისა და ებრაული კონგლომერაციის შემდეგ. ვენსს არანაირი პოლიტიკური წონა არა აქვს. რუბიო აკონტროლებს პროცესს, რომლის შედეგადაც ევროპა საქართველოს მიმართ უფრო რბილ და ნაკლებად მკაცრ პოლიტიკურ პოზიციას ინარჩუნებს. ვიღაცას მართლა ხომ არ წარმოუდგენია, რომ ორბანი ერთპიროვნულად მოქმედებდა? ორბანი მხოლოდ მექანიზმად გამოიყენებოდა და სწორედ მისი მეშვეობით ამუხრუჭებდნენ ევროპულ ხაზს. ამავე კონტექსტში განიხილება უკრაინისთვის ოთხმოცდაათ მილიარდთან დაკავშირებული საკითხის `დამუხრუჭებაც", თუმცა რეალურად ევროპულ შიდა გარიგებებს უკავშირდებოდა ზელენსკის მომავალი საპრეზიდენტო ამბიციების დაბალანსების მიზნით. თუ ამ ტრანსფორმაციულ პროცესებში ივანიშვილმა შეცდომები დაუშვა, რუბიომ შეიძლება კვლავ “აუშვას” ევროპული პროცესები, ისე, რომ თავად საერთოდ არ გამოჩნდეს”.
ზელენსკის ისტორიული ვიზიტი აზერბაიჯანში
“უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ სიმბოლური არ ყოფილა. გაიმართა საუბარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაზე, გაფორმდა ექვსი ახალი შეთანხმება და უკრაინის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი რუსეთთან შესაძლო სამმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმად დაასახელა. რა ახალ გეოპოლიტიკურ კონტურებს ხაზავს კიევი ბაქოსთან ერთად? პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25 აპრილს აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემები უსაფრთხოება და ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო. ალიევმა უკრაინის ლიდერს გაბალაში უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს სხვადასხვა სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ექვს შეთანხმებას. “მოხდა მოსაზრებების გაცვლა სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე და ამ სფეროში ასევე გვაქვს დიდი პერსპექტივები. როგორც აზერბაიჯანში, ისე უკრაინაში ვითარდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და გვაქვს მშვენიერი შესაძლებლობა ერთობლივი წარმოებისათვის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ზელენსკის ისტორიული ვიზიტი აზერბაიჯანში - 6 შეთანხმება და ბაქო, როგორც შესაძლო მოლაპარაკებების ახალი ცენტრი.
“ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის პერსპექტივებს. “დღეს ვესაუბრე ჩვენს ექსპერტებს, რომლებიც ამჟამად აზერბაიჯანში იმყოფებიან. ისინი მხარს უჭერენ ჩვენს კოლეგებს. ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას და ერთობლივ წარმოებას”, - განაცხადა ზელენსკიმ. აზერბაიჯანში ვიზიტის წინ, 24 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, რაც კიევის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზანდ ისახავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და დრონების ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. ზელენსკიმ მანამდე მიანიშნა, რომ უკრაინა მსგავსი გარიგების სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან გაფორმებითაც დაინტერესებულია. მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ აზერბაიჯანში წინასწარ გაგზავნა სამხედრო სპეციალისტების ჯგუფი გამოცდილების გასაზიარებლად, რომლებმაც ზელენსკის ალიევთან მოლაპარაკებების დაწყებამდე წარუდგინეს ანგარიში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვიზიტის დროს ზელენსკიმ ალიევს ომის დროს გაწეული ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის, კერძოდ, ენერგეტიკული დახმარების 11 პაკეტისთვის, მადლობა გადაუხადა. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას, უკრაინის ლიდერმა მზადყოფნაც გამოთქვა, რომ “თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება”, მოსკოვთან და ვაშინგტონთან სამმხრივი მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩატარდეს. “ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების როლს, როგორც შუამავლებისა ამ პროცესში. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ასეთი მოლაპარაკება ჩავატარეთ თურქეთში, ამერიკელ პარტნიორებთან - შვეიცარიაში. მზად ვართ ასეთი მოლაპარაკება აზერბაიჯანში გაიმართოს”, - თქვა ზელენსკიმ. თავის მხრივ, ალიევმა ხაზი გაუსვა უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის არსებულ გრძელვადიან ეკონომიკურ და დიპლომატიურ კავშირებსაც. “ჩვენ ასევე განვიხილეთ სავაჭრო ბრუნვა, რომელიც გაზრდას საჭიროებს. ის 500 მილიონ დოლარზე მეტია და მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს, რადგან ამისათვის ყველა შესაძლებლობა გვაქვს”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე”, - დასძენს გამოცემა.
უჩა ნანუაშვილი - “ჩხრეკებით რომ რამე ეპოვათ, არ დაფიქსირებულა, თუმცა ახალგორელების ოჯახებში შესვლა ისევ გრძელდება”
“ადრეც იყო რამდენიმე შემთხვევა ახალგორში, როცა სახლებში გასაჩხრეკად შევიდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამას უფრო მასობრივი ხასიათი აქვს. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, სურთ ტოტალური კონტროლი დაამყარონ, გააკონტროლონ ყველა ის პირი, ვინც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის და თითქოს ამით უნდათ რაღაც კავშირები და კვალი დაადგინონ მათ და საქართველოს ხელისუფლებას შორის. არა მხოლოდ ახალგორში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სხვა ნაწილშიც ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა ახალგორში ძალიან გახშირდა, მით უმეტეს, მობილურების ჩამორთმევის მომენტები დაფიქსირდა. ეს პრობლემებს უქმნის ქართველ მოსახლეობას. მობილური ტელეფონები მათთვის ერთადერთი საშუალებაა ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, მათ შორის ვიდეოკავშირის გზით. ჩხრეკებით რომ რამე ეპოვათ, არ დაფიქსირებულა, თუმცა ოჯახებში შესვლა ისევ გრძელდება”, - აცხადებს ა/ო “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ჩხრეკებით რომ რამე ეპოვათ, არ დაფიქსირებულა, თუმცა ახალგორელების ოჯახებში შესვლა ისევ გრძელდება" / რეიდები ახალგორელების სახლებში.
“ოფიციალური მოტივი ვითომ კრიმინალთან ბრძოლაა, თუმცა უფრო კონტროლსა და დაშინებას ემსახურება. გასულ წელს ქართველ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს დააბრალეს ჯაშუშობა, დააკავეს და შემდეგ თბილისში გამოაძევეს. ახლაც ვითომ სხვა “ჯაშუშებს” ეძებენ. ცდილობენ სხვებიც დააშინონ, რომ თამარ მეარაყიშვილის მსგავსად არ დაიწყონ ახალგორის პრობლემებზე საუბარი. თამარის “ჯაშუშად” გამოცხადებას დაემთხვა ეს გახშირებული ჩხრეკები და ჩემი ვარაუდით, ეს ერთიანი ჯაჭვია. გასულ წელსაც დააკავეს ორი კაცი, მათ ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს. ერთი მათგანი, ეთნიკურად ოსი, გაათავისუფლეს, ერთი კი, ქართველი, ისევ ციხეშია. ჩხრეკისას თითქოს ეძებენ იარაღს ან ნარკოტიკებს, თუმცა რადგან ყველა ამ ოჯახიდან ვიღაც გადმოდის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, დაბრუნების შემდეგ იწყებენ მათ სახლში ჩხრეკას. ეს უკვე გვაძლევს მეტ არგუმენტს ვიფიქროთ, რომ ყველას ეჭვით უყურებენ. კითხვებიც შესაბამისი აქვთ, მაგალითად, რა მიზნით იყვნენ თბილისში. ძირითადად, დადიან ან ნათესავებთან, ან სამკურნალოდ, ან სავაჭროდ - ქართველებსაც და ოსებსაც თბილისიდან მიაქვთ პროდუქტები ახალგორში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი.
“ბოლო დროს საშვების გაცემის პროცედურა გართულებული იყო. თავიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულებს ეკრძალებოდათ საშვების მიღება. შემდეგ ეს რეგულაცია უფრო გამკაცრდა და რიგით თანამშრომლებსაც უარს ეუბნებოდნენ. არადა, ახალგორში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ საბიუჯეტო სექტორშია დასაქმებული. გარდა ამისა, საშვების გაცემისას ამოწმებდნენ პირის ფინანსურ ვალდებულებებსაც, ვისაც კრედიტი ჰქონდა, საშვებს არ აძლევდნენ იმ მოტივით, რომ გამორიცხულიყო რაიონის დატოვება ფინანსური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. თუმცა ბევრმა ისეთმა მიიღო უარი საბუთის მიღებაზე, ვისაც ფინანსური ვალდებულებები არ გააჩნდა. ამ მკაცრ რეგულაციებს ემატება კორუფციაც. იქაურები ამბობენ, რომ ვინც ახალგორის ე.წ. ხელისუფლების ჩინოსნებთანაა დაკავშირებული, ქრთამის გადახდის შემდეგ ახერხებდნენ საშვების მიღებას ყალბი სამედიცინო ცნობების საფუძველზე. საშვების გაცემას პირადად რაიონის ე.წ. პროკურორი და ე.წ. გამგებელი შუამდგომლობენ. ეს შერჩევითი მიდგომები უკმაყოფილებას იწვევდა და ბოლო დღეებში საბიუჯეტო ორგანიზაციების რიგით თანამშრომლებზე გააუქმეს აკრძალვა და მეტ-ნაკლებად დაიწყეს საშვების გაცემა. თუმცა მაინც ძალიან ბევრს ისევ არ აძლევენ. კორუფციული გზით და ნაცნობობით საბუთის მოპოვება ისევ გრძელდება. ამ საშვებით ახალგორელებს თვეში მხოლოდ ბოლო 10 დღე აქვთ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მკურნალობისთვის ხალხის გამოშვებაც პრობლემაა?” - პასუხობს:
“როდესაც მკურნალობასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზეა საუბარი, განსხვავებული მიდგომაა. სამკურნალოდ მოდიან ახალგორელებიც და ცხინვალელებიც. ვისაც სურს ქართული ჯანდაცვის უფასო პროგრამით მკურნალობა, საჭიროა სამედიცინო დოკუმენტაცია, შემდეგ “წითელი ჯვრის” მეშვეობით კომუნიკაცია აქეთ გადმოსასვლელად, მაგრამ არც ეს პროცესია მთლად მარტივი, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც, ასე ვთქვათ, ნაცნობობით მოიპოვეს ყალბი სამედიცინო ცნობა, რომ არაოკუპირებულ მხარეს გადმოსულიყვნენ, სინამდვილეში კი მკურნალობა არ სჭირდებოდათ. თუმცა თუ მძიმე სიტუაცია არ არის, ბევრი თავს არიდებს ქართული ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, რადგან ასეთ პირებს ეჭვით უყურებენ და ფრთხილობენ, რომ პრობლემა არ შეექმნათ. ცხინვალში, პრაქტიკულად, ექიმები არა ჰყავთ და სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლებელია. არის შემთხვევებიც, როდესაც ურჩევნიათ წავიდნენ რუსეთში, მეტი გადაიხადონ და მიიღონ სამედიცინო მომსახურება. დინამიკა ასეთია - ერთხანს შემცირებული იყო პროგრამით სარგებლობა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მაინც ბევრმა მიიღო სამედიცინო მომსახურება”.