ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026

აშშ-სთან პარტნიორობა “მხოლოდ ქაღალდზე”?!

რომელი საგზაო ჯარიმა უნდა შემცირდეს პირველ რიგში?

რას შემატებს შვედური მოიერიშე თვითმფრინავი “გრიპენი” უკრაინის ზეცას

* * *

აშშ-სთან პარტნიორობა “მხოლოდ ქაღალდზე”?!

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფორმალური ჩარჩო არ უნდა იყოს და რეალურ შინაარსს ორმხრივი სარგებელი და მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა სძენდეს. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ჩინეთთან 9 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა პრაქტიკულ თანამშრომლობასა და კონკრეტულ შედეგებზეა დაფუძნებული, რის გამოც იგი მხოლოდ “ქაღალდზე არსებული” პარტნიორობა არ არის. კობახიძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო შინაარსიანი და კონკრეტულ გზამკვლევზე ორიენტირებული უნდა გახდეს. მისი აზრით, პარტნიორობის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ემსახურება ის ორივე ქვეყნის ინტერესებს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს იმის თქმა სურს, რომ საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ხოლო კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, კობახიძის თქმით, "ოცნებას” ჩინეთთან უფრო გამოსდის ურთიერთობა, ვიდრე აშშ-სთან, რადგან პეკინი იმ ვალდებულებების შესრულებას არ სთხოვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აშშ-სთან პარტნიორობა “მხოლოდ ქაღალდზე” - რა პერსპექტივა აქვს ურთიერთობის გადატვირთვას ვაშინგტონთან.

ირაკლი კობახიძის თქმით, რაც აშშ-სთან წლების განმავლობაში გვქონდა, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე... “რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლა უკვე ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები და ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან... ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით”,- ამბობს პრემიერი. მისივე თქმით, “სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე და ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამით პრემიერს იმის თქმა სურს და ფაქტობრივად თქვა კიდევაც, რომ საქართველომ ის პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი. აშშ-სთან ურთიერთობა რომ ქაღალდზე იყო, ამას საუბარი რად უნდა? ფაქტია, ელჩი დეგნანი მაგიდაზე ხელს როგორ გვიკაკუნებდა და მუშტებს როგორ გვიქნევდა რომ ომში ჩავბმულიყავით, ჩინელებს კი ეს არასდროს არ უკადრიათ. ჩინელები საკუთარ პოლიტიკას ისე აკეთებენ, რომ სხვასაც აფასებენ, ამიტომ მისასალმებელია, რაც ბატონმა პრემიერმა თქვა. ამ ფონზე, აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლებას სავსებით შესაძლებლად ვუყურებ. თუ ამერიკას შეუძლია ჩინეთთან კეთილი ურთიერთობები ჰქონდეს, საქართველოს რატომ არ შეუძლია? თუ ბატონ დონალდ ტრამპს შეუძლია ჩინეთში ჩავიდეს და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბროს, რატომ ჩვენ არ შეგვიძლია? რა თქმა უნდა, საუბრების მოცულობა ჩვენთან ისეთი არ იქნება, როგორც ჩინეთს აშშ-სთან აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმემ უნდა გვიკარნახოს ვისთან უნდა ვისაუბროთ და ვისთან არა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“ნებისმიერი ურთიერთობა პირველ რიგში ქაღალდზე იწერება. პრემიერს სურს თქვას, რომ საქართველოს ჩინეთთან უკეთესად გამოსდის ურთიერთობები, ვიდრე აშშ-სთან. ჩინეთი საქართველოს პირობებს არ უყენებს პირობებს დემოკრატიაზე, არჩევნებზე, გამჭვირვალობაზე და იმ ვალდებულებების აღიარებაზე, რაც კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებებით აიღო. არადა მან გაერო-ს ბოლო რეზოლუცია გვაჩვენოს, სადაც აშშ დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას აძლევს ხმას, ჩინეთი კი თავს იკავებს. რომელ შინაარსზეა ლაპარაკი. ჩინეთი არასდროს ხმას არ აძლევს საქართველოს, არც წინააღმდეგ არ აძლევს, მაგრამ არც სასარგებლოდ, მხოლოდ თავს იკავებს, სადაა სტრატეგიულობა?” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“სტრატეგიული პარტიორობის პრინციპია, რომ შენი პარტნიორის წინააღმდეგ არ მოქმედებ და მის ინტერესებს ითვალისწინებ. ჩინეთი კი ყოველთვის რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, სადაც საქართველოს ინტერესები იკვეთება. ამერიკასთან პარტნიორობის განახლებაზე საუბრები მხოლოდ “ქართული ოცნების” ოცნებებია, თორემ როგორ უნდა განახლდეს? აშშ ამაზე ხმას არ იღებს. ამერიკა ამბობს, რომ საქართველომ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. აშშ-ს არ სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობის განახლება, საქართველოს სჭირდება. აშკარად ვაშინგტონს არაფერში არ სჭირდება კობახიძისთვის ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმურობის მიცემა. აშკარად ჩანს, რომ ტრამპზე გავლენას ახდენს ის, რომ საქართველო მკაფიოდ თანამშრომლობს რუსეთის, ჩინეთის და ირანის ინტერესებში, ეს მშვენივრად დაფიქსირდა კონგრესში ბოლო რეზოლუციაზე”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

რომელი საგზაო ჯარიმა უნდა შემცირდეს პირველ რიგში?

“გამკაცრებული და თითქმის გაორმაგებული ჯარიმების ფონზე, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მაინც ყოველწლიურად მზარდი და შემზარავია. ერთია გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და მეორე - მახრჩობელა ჯარიმები, რაც გამოსავალი ნამდვილად არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ჯარიმების შემცირება გადაწყვიტა, თუმცა სპეციალისტების აზრით, გამოსავალი არც ჯარიმების შემცირებაა. აუცილებელია, რომ კანონის აღსრულება დაიხვეწოს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით და მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მიებას ვიდეომონიტორინგის კამერებს. სხვათა შორის, ჯარიმების შემცირება არის თემა, რომელზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრი ერთმანეთს ემთხვევა. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ავტოსაგზაო ჯარიმების შემცირებას აპირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რომელი საგზაო ჯარიმა უნდა შემცირდეს პირველ რიგში? / სპეციალისტები განსაკუთრებით პარკირებისა და დგომა-გაჩერების წესის გაზრდილ ჯარიმებზე ამახვილებენ ყურადღებას.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ვასო ურუშაძე კატეგორიულად მოითხოვს, შემცირდეს პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმები. “ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით და დღესაც მოვითხოვთ, შემცირდეს ის ჯარიმები, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ასეთი არის პარკირება, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში. ფაქტობრივად, დღე არ გავა, მძღოლი არ დააჯარიმონ. 1100 ჯარიმა თბილისში მხოლოდ ერთ დღეში იწერება არასწორი პარკირებისთვის”, - განაცხადა ურუშაძემ. ჯარიმების შემცირებას მიესალმება ურბანისტი და ქალაქდაგეგმარების დარგის სპეციალისტი გიორგი შვანგირაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს როგორც პარკინგის, ასევე ავტომობილის დგომა-გაჩერებისთვის დაწესებული ჯარიმები. მისივე თქმით, ყურადსაღებია ისეთი ჯარიმების შემცირებაც, რომლებიც ნაკლებად ირღვევა. რა თქმა უნდა, სიჩქარის გადაჭარბება, წითელზე გავლა ან ღერძულა ხაზის გადაკვეთა პრობლემაა და დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ გიორგი შვანგირაძის აზრით, ამ ჯარიმების შემცირებაც კი შეიძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კონტროლი გამკაცრდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარკინგის ჯარიმა თბილისის მერიის უფლებამოსილებაა, მაგრამ რადგან საუბარია ჯარიმების შემცირებაზე და მით უმეტეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ერთვება საქმეში, თბილისის მერია იქნება, თუ საპატრულო პოლიცია, ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს. დღეს, მაგალითად, ქალაქში ისეთი სიტუაციაა, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთივს ჯარიმა ფიზიკურად ვეღარ დაიწერება, რადგან ყველგან საცობია, შესაბამისად, ყველაზე დიდი პრობლემა მოსახლეობისთვის არის დგომა-გაჩერებისა და პარკინგის ჯარიმები. პარკირების ჯარიმა მერიამ 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა, თუმცა გადაჭრის გზები ვერ შემოგვთავაზა. ვგულისხმობ იმას, რომ არ გახსნილა დამატებითი საპარკინგე ადგილები ქალაქში, იმაზეც კი არ არის საუბარი, რომ ადამიანმა 100 ან 200 მეტრის მოშორებით გააჩეროს მანქანა და ფეხით მივიდეს დანიშნულების ადგილზე, ასეთი რამ შეუძლებელია, ამიტომ უწევთ გარისკვა, ანუ მანქანის ცუდად გაჩერება და დატოვება. შემდეგ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო რეაგირებს ამაზე, ჯარიმას უწერს და დაგროვებული ჯარიმების გადახდა უწევს მოსახლეობას, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია და მზარდ უკმაყოფილებას იწვევს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი შვანგირაძე.

“იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, დარღვევებმა ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, აუცილებელია, კონტროლის გამკაცრება. თუ, პირობითად, გვაქვს ვიდეომონიტორინგის 10 კამერა, მათი რაოდენობა უნდა გაორმაგდეს, ხოლო ჯარიმის მოცულობა, პირიქით, შემცირდეს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს ყველა მძღოლმა იცის, რა ადგილზეა კამერები. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეცოდინებათ, რომ 100 ლარის მაგივრად, ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა მოუწევთ, იქვე ისიც ეცოდინებათ, რომ ქალაქში კონტროლი გამკაცრებულია - ბევრი კამერებია და ამ შემთხვევაში, ის 50 ლარის გადახდა შეიძლება უფრო ხშირად მოუწიოთ, ვიდრე ახლადელი 100 ლარისა. როდესაც იცის ადამიანმა, რომ კონკრეტულ ადგილზე არ არის კამერა და არავინ აკონტროლებს, იქ თავისუფლად არღვევს, მაგრამ როდესაც იცის, რომ გაზრდილია კონტროლი, ასეთ შემთხვევაში, ყურადღებით იქნება და უფრო ფრთხილადაც იმოძრავებს”, - დაასკვნის გიორგი შვანგირაძე.

“ზუსტად იგივე პოზიციაზეა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისი შეფასებით, ჯარიმების არც შემცირება და მით უმეტეს, არც გაზრდა პრევენცია არ არის. ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანონი გამკაცრდება თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწით და რაც მთავარია, მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მიებმება ვიდეომონიტორინგის კამერებს. “ჯარიმას პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს. როგორც ითქვა, სანქციის თანხის გაზრდას არ მოჰყოლია დარღვევების შემცირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარიმის გაზრდამ, როგორც პრევენციულმა ზომამ, საერთოდ არ იმუშავა”, - ამბობს მესხიშვილი, რომლის თქმით, “ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ცოტა უფრო სიღრმისეული კვლევაა საჭირო - მაგალითად, ესაა სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც არის გზებზე მთავარი “მკვლელი დარღვევა”. მისი აზრით, ადამიანს, რომელსაც ბევრი ფული აქვს და არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს და კიდევ დაარღვიოს. იგი, პრაქტიკულად, “ყიდულობს" დარღვევას, რადგან ფული აქვს და რამდენჯერაც მოუნდება, იმდენჯერ დაარღვევს”, - დასძენს გამოცემა.

“პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ ოპტიმალური სიჩქარე ქვეყანაში და შემდეგ ვისაუბროთ მის გადაჭარბებაზე. ევროპული ქალაქების ცენტრალური ქუჩები განსაზღვრულია 30 კმ/სთ-ის სიჩქარით, რადგან ქვეითთან შეჯახების შემთხვევაშიც კი, ქვეითი გადარჩეს. ჩვენს შემთხვევაში, რა არის ოპტიმალური სიჩქარე, ჯერ ეს უნდა განვსაზღვროთ. სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია, მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მიუერთდეს ვიდეომონიტორინგის კამერებს. მთავარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ის, რომ კანონის აღსრულება დახვეწონ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა დაწესდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ფულიანიც და უფულოც კანონის წინაშე გათანაბრდეს. ჯარიმის ამოღება კი არ არის გამოსავალი, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა. სხვა შემთხვევაში, რადიკალურ ცვლილებებს საგზაო უსაფრთხოების ნაწილში ვერ მივიღებთ და ამის დასტურია მძიმე სტატისტიკა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მესხიშვილი.

რას შემატებს შვედური მოიერიშე თვითმფრინავი “გრიპენი” უკრაინის ზეცას

“უკრაინა რუსეთის სამხედრო და ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდა, რომლის დროსაც მათ სხვა საკითხებთან ერთად, “გრიპენის” მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს. “კრისტერსონთან განვიხილეთ “გრიპენის” მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმებების შესრულება”, - აღნიშნა ზელენსკიმ. ტალინში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შვედეთის პრემიერიც. “ღირებული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღეს ტალინში. გავაგრძელეთ “გრიპენის” მოიერიშე თვითმფრინავებისა და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენების განხილვა. უკრაინას ბრძოლის ველზე იმპულსი აქვს - შვედეთი გააგრძელებს მხარდაჭერას”, - დაწერს ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას შემატებს შვედური “გრიპენი” უკრაინის ზეცას - “თვითმფრინავს შეუძლია მუშაობა მოკლე ზოლებიდან და გზების ტიპის ინფრასტრუქტურიდან”.

“ზელენსკის განცხადებით, “ღამით, უკრაინულმა “ფლამინგოს” რაკეტებმა ჩებოქსარში სამხედრო ქარხანას დაარტყეს, რომელიც ოკუპანტის არმიას დრონებისა და რაკეტების კომპონენტებით ამარაგებს”. ზელენსკი ადასტურებს, რომ ღამით უკრაინამ სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 900 კილომეტრში მდებარეობს. “ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სრულიად სამართლიანმა პასუხმა ვლადიმირის ოლქში მდებარე ორ ნავთობის ობიექტსაც მიაღწია, 700 კილომეტრის მანძილზე”, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შვედური “გრიპენი” უკრაინის პირობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული დასავლური გამანადგურებელია, თუმცა არა “საომარი თამაშის შემომტრიალებელი” იარაღი. აღნიშნული იარაღი შექმნილია იმ იდეით, რომ ქვეყანამ ომის დროსაც შეძლოს ავიაციის შენარჩუნება მაშინაც კი, თუ დიდი სამხედრო აეროდრომები დაზიანდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამიტომ ამ თვითმფრინავს შეუძლია მუშაობა შედარებით მოკლე ზოლებიდან და გზების ტიპის ინფრასტრუქტურიდანაც - ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ასევე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი მომსახურება უფრო მარტივი და იაფია ბევრ დასავლურ ანალოგთან შედარებით, რაც ხანგრძლივ ომში მნიშვნელოვნად ითვლება. ექსპერტების შეფასებით, “გრიპენი” ძალიან პრაქტიკული და მოქნილი თვითმფრინავია, მაგრამ არა ყველაზე ძლიერი ან უნივერსალური ვარიანტი ყველა ტიპის ომისთვის. ის არ ეკუთვნის იმ კლასის თვითმფრინავებს, რომლებიც რადარებისთვის მაქსიმალურად ნაკლებად შესამჩნევია. ამიტომ ძლიერ საჰაერო თავდაცვასთან მუშაობისას უფრო ფრთხილი გამოყენება სჭირდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუმცა ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ “გრიპენი” იმდენად ფართოდ და ინტენსიურად არ გამოუყენებიათ ნამდვილ საჰაერო ბრძოლებში, როგორც მაგალითად ამერიკული F-16. ამიტომ მისი ნაწილი შესაძლებლობებისა ჯერ პრაქტიკაში ნაკლებად არის შემოწმებული. სამხედრო ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის შემთხვევაში მთავარი ბარიერი რუსეთის ძლიერი საჰაერო თავდაცვაა. ამიტომ საუკეთესო შემთხვევაშიც “გრიპენი” იქნება სისტემის ნაწილი და არა ისეთი იარაღი, რომელიც თავისით მოიტანს სრულ საჰაერო უპირატესობას”, - დასძენს გამოცემა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“