ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026

ხმაური, გაძევებები და დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველი დღე

რატომ გახდა საჭირო რუსეთთან ურთიერთობაში ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნა

ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია

* * *

ხმაური, გაძევებები და დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველი დღე

“საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პირველმა დღემ ხმაურის, ურთიერთბრალდებებისა და არაერთი დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობის ფონზე ჩაიარა. ბათუმში, სასამართლოს შენობასთან, დილიდან გაძლიერებული იყო პოლიციის მობილიზება, პროცესზე დასასწრებად კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ოპოზიციის ნაწილი სხდომის პარალელურად შენობის გარეთ აპროტესტებდა მიმდინარე პროცესს, დარბაზში კი ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - მოსამართლეებმა სხდომიდან “თავისუფლების მოედანის” ლიდერი ლევან ცუცქირიძე და ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე გააძევეს, არ დააკმაყოფილეს მოსამართლეთა აცილებისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარების შუამდგომლობები. ოპოზიციამ ასევე მოითხოვა მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენლის გამოკითხვა და უმრავლესობის დეპუტატ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღება, თუმცა განხილვის პირველ დღეს სასამართლომ მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული ძირითადი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხმაური, გაძევებები და დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები - რა მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველ დღეს.

“პარალელურად, პროცესის გარშემო დაპირისპირების საგნად იქცა ჟურნალისტების სხდომაზე დაშვების საკითხიც - ოპოზიცია ხელისუფლებას დარბაზში ადგილების წინასწარ დაკავების ორგანიზებაში ადანაშაულებდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური სცენარის ნაწილია და არსებობს მოლოდინი, რომ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, პარტიების აკრძალვას შესაძლოა მოჰყვეს საპროტესტო მოძრაობის გაგრძელება, დასავლეთის მხრიდან სანქციების გააქტიურება და საქართველოს ევროპის საბჭოში სტატუსთან დაკავშირებული საკითხების დაყენება. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი საკითხების ნაცვლად, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნების” წევრები წინასწარ აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკურ პარტიები უნდა გაუქმდეს, თითქოს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, უბრალოდ ოფიციალური სახე უნდა მისცენ, რომ ვითომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა... დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ პარტიები გაუქმდნენ, შესაძლოა მთლიანად, ან ერთი დატოვონ, რომ თითქოს სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. აკრძალვის შემთხვევაში, პირველ რიგში საპროტესტო მოძრაობაა გაგრძელდება. მეორე ის, რომ დასავლეთიდან სანქციები მოჰყვება უფრო აქტიური. გამორიცხული არაა, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს შეუჩერდეს უფლებამოსილება. კიდევ ერთი ვარიანტია. შესაძლოა ევროსასამართლომ დაჩქარებული წესით გააუქმოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აი, დაჩქარებული წესით, როგორც ერთხელ მოხდა, როცა “რუსთავი 2”-ის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქმის საბოლოო განხილვამდე გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. თუ ეს არ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, პარტიები ევროპის ევროსასამართლოში სარჩელს შეიტანენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ოპოზიცია სასამართლოზე თავისი პოლიტიკური მოტივებითაა წარმოდგენილი, პოლიტიკურად ითხოვდა, რა შუამდგომლობები ჰქონდა დაყენებული, ამიტომ გასაკვირი არაა - სასამართლო სასამართლოა, პოლიტიკა პოლიტიკაა. ქართული სასამართლო მის დამოუკიდებლობას დამტკიცებს და საბოლოო ჯამში მოხდება ისე, როგორც ქართულ სამართალს და ქართული სახელმწიფოს შეესაბამება. ვფიქრობ, აღსრულდება ის, რასაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს. პოლიტიკურ სივრცეს მოსცილდება ის დანაშაულებრივი ძალა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“21 ოქტომბრის დილიდან პროცესზე დასასწრებად შეიკრიბნენ, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მოსამართლეები. ოპოზიციონერების ნაწილმა შენობის გარეთ გააპროტესტა პროცესი. მათი თქმით, ხელისუფლებამ სტუდენტები ორგანიზებულად მიიყვანა სასამართლოში, რათა “ადგილების სიმცირის გამო” დარბაზში ჟურნალისტები არ დაეშვათ - წინა დღით საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის სხდომების პირდაპირი ეთერით გაშუქება დაუშვა. სხდომა ხმაურიანად წარიმართა, რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, თავდაპირველად “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებლის ლევან ცუცქირიძის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიიღო. ლევან ცუცქირიძის შემდეგ პროცესიდან ხატია დეკანოიძეც გააძევეს. გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. “ლელოს” წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ აცილებას უყენებს “ვასილ როინიშვილს და ასევე მეთოფიშვილი და კიკილაშვილი ვერ იქნებიან ობიექტურები”, თუმცაღა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ენმ-მ საკონსტიტუციოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მიყვანა მოითხოვა, თუმცა, პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.საკონსტიტუციოს პლენუმმა ასევე არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის საერთო სარჩელიდან გამოყოფის შუამდგომლობაც. ენმ-მ სხდომაზე “ოცნების” იმ წევრების გამოკითხვა მოითხოვა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ - გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ზურაბ პატარიძე, გეკა გელაძე, ლევან სონღულაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი. ოპოზიციამ ასევე მოითხოვა მტკიცებულებების ნუსხიდან თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღება. შუამდგომლობა სასამართლოში “ძლიერი საქართველო-ლელომ” და პარტია “ახალის” თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დააყენეს - “ჩვენი შუამდგომლობა ეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას”, - თქვა გვარამიამ”, - დასძენს გამოცემა.

რატომ გახდა საჭირო რუსეთთან ურთიერთობაში ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნა

“პარტიების შესაძლო აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კობახიძემ განმარტა, რატომ გახდა საჭირო სპეციალური წარმომადგენლის დაბრუნება, რა მნიშვნელობა აქვს ამ ფორმატს თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში და რა მიმართულებებით აპირებს ხელისუფლება მუშაობის გაგრძელებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, რომელიც 2026 წლის დეკემბრიდან ვაკანტურ პოზიციას დაიკავებს. კობახიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგსა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრიორიტეტზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ გახდა საჭირო რუსეთთან ურთიერთობაში ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნა - “რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება”.

“კითხვაზე, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და ხომ არ იწყება რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი, კობახიძემ უპასუხა: “არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი”. ამასთან, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრემიერი პასუხობს “არა”. მისი თქმით, “დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას აქვს თავისი ბარიერი”, ეს მოცემულობა და “ოცნების” დამოკიდებულება "არ შეცვლილა”. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. შესაბამისად, საქართველოში რუსეთის საელჩო და რუსეთში საქართველოს საელჩო არ ფუნქციონირებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჯერ კიდევ 2012 წელს შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. პირველი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იყო. 2024 წლის მარტიდან აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ შეცვალა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქაჯაიამ პოზიცია დატოვა, თანამდებობა ვაკანტური გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. “დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1 ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ”, - განაცხადა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ის “საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების პროცესი შეაფასა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მისი თქმით, მოპასუხე მხარე არაპროფესიონალიზმსა და მოუმზადებლობას ავლენს. ხოლო ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დავით-გარეჯის საკითხზე გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნული საკითხის მოგვარება შეძლო, თუმცა თავად ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები საზოგადოებისთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა. ამასთან, მოქმედმა პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს. მისი განცხადებით, მთავრობა იმ საკითხების არსებითად გადაწყვეტის იმედს გამოთქვამს, რომელთა მოგვარებაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო”, - დასძენს გამოცემა.

ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია

“სემეკის დასკვნით 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაბამისი რეგულაციების დროულად განხორციელებისა და ტექნიკური ავტომატიკის გამართვის შემთხვევაში, სრულიად საქართველო შუა ზაფხულში ორი დღით არ ჩაბნელდებოდა. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ “სახელმწიფო ელექტროსისტემასა” და “ხრამჰესში”. ენერგეტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ უკვე დროა, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა მოსახლეობასთან - ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმონ. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სისტემური ავარიების საკითხის დეტალური შესწავლა დაასრულა. შემოწმების ფარგლებში, გადამცემი და გენერაციის ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობა შეისწავლეს და არაერთი დარღვევა გამოავლინეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია / თემურ ჭიჭინაძე: “დაცვის გარანტია ის არის, რომ თითოეულ აბონენტთან გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება”.

“სამუშაო ჯგუფის დასკვნა შესაბამის დაინტერესებულ პირებს გადაეგზავნებათ, მათ შორის, “სახელმწიფო ელექტროსისტემას”, “ხრამჰესსა” და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიას”. კომპანიებს დასკვნაში აღწერილ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, რის შემდეგაც სემეკი განხილვას ორ კვირაში დაასრულებს. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ზომა გამოიყენოს. სანქცია, ერთ შემთხვევაში, 75 000 ლარია. ვინაიდან საუბარია ორ სისტემურ ავარიაზე, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება შესწავლილი. შეიძლებოდა თუ არა 24-25 ივლისის ავარიული გათიშვების თავიდან აცილება? დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამის შესაძლებლობა არსებობდა. პარალელურად, “სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და “ხრამჰესის” წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სემეკის სხდომა, სადაც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორთა საბჭოს წევრის, ლევან მჭედელაძის განცხადებით, პროცესს სისტემური დამუშავება და ღრმა ანალიზი სჭირდება. სწორედ ამიტომ ითხოვეს კომპანიებმა დამატებითი დრო. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნა სემეკს “ელექტროსისტემისთვის” ჯერ არ გაუგზავნია. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ზაფხულში, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო “იმერეთის” მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე მთელ სისტემას გადაეცა და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება “ენგურჰესს”, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ “დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო”. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე პირდაპირ აცხადებს, რომ სისტემა არ უნდა გათიშულიყო, მაგრამ ვინაიდან ასე მოხდა, ძალიან მალე უნდა აღდგენილიყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“მასშტაბური ავარიის შემდეგ, დავინტერესდი და გაირკვა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის, მწარმოებლებიც დაზარალდნენ. ამხელა გადასახადს იხდიან, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები და მაინც ხდება ასეთი მასშტაბის ავარია, რომელზეც პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არავის. სხვათა შორის, სარჩელი უკვე შეტანილი მაქვს, როგორც სემეკში, ასევე ეკონომიკის სამინისტროში მოთხოვნით, რატომ არ აფორმებენ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ინდივიდუალურ ხელშეკრულებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ეს ხომ მათი ვალდებულებაა. როდესაც “თელასის” პრივატიზება განხორციელდა, სამი პირობა იყო შესასრულებელი: 24-საათიანი ელექტრომომარაგება, გამრიცხველიანება და თითოეულ აბონენტთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება. პირველი ორი შესრულდა, მესამე - არა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭიჭინაძე.

“ეს საკითხი ახლა, სწორედ ივლისში, ავარიული გათიშვების შემდეგ დავძარი, რადგან როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრმა იზარალა დენის ორდღიანი გათიშვის გამო. ინდივიდუალური ხელშეკრულება რომ გაფორმდება, კომპანია ვალდებული იქნება, შეცდომები აღარ დაუშვას“, - დაასკვნის ჭიჭინაძე. კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ ზამთარში, როდესაც ენერგოსისტემა სრულად დაიტვირთება, დენი ავარიულად აღარ გაითიშება, ენერგეტიკოსის აზრით, ამის გარანტია ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. მისი თქმით, “ისინი თავგასული ტრანსნაციონალური კომპანიები არიან, რომლებიც არად აგდებენ მოსახლეობის ინტერესებს. ხომ ნახეთ, სემეკის სხდომაც კი ჩაშალეს. გარანტია ის არის, რომ თითოეულ აბონენტთან გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ