მეუფე ზენონი - ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ იმ პროცესზე, რომელიც იქნება სინოდზე - რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან კანდიდატი არსებობს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის განცხადებით, მას ჰყავს პატრიარქობის საკუთარი კანდიდატი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია სინოდის სხდომის მიმდინარეობაზე.

„ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ იმ პროცესზე, რომელიც იქნება სინოდზე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან კანდიდატი არსებობს. შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, იმიტომ, რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.

გარდა ამისა, მეუფე ზენონს კითხვა დაუსვეს რუსეთის პატრიარქ კირილის 22 აპრილის განცხადებაზე, პატრიარქმა კირილმა აღნიშნა, რომ „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლიან ბულგარეთისა და ალბანეთის ეკლესიებიც, სადაც ახლახან ახალი წინამძღვრები იქნენ არჩეულნი. ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც, რომელსაც ახლო მომავალში მოუწევს ახალი წინამძღვრის არჩევა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II".

როგორც მეუფე ზენონმა აღნიშნა, რუსეთის საპატრიარქოსთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა ისინი საქართველოში გამოგზავნილ წერილში, პატრიარქის რეგალიას ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსაც მიუწერენ.

„მომავალი პატრიარქი პირველ ყოვლისა უნდა ხელმძღვანელობდეს კანონიკური სამართლით გათვალისწინებული ნორმებით. ჩვენ ვართ ერთიანი ეკლესიის სისავსეში, რომელსაც ჰქვია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და ამ პოზიციიდან განიხილავს მომავალი პატრიარქიც, სავარაუდოდ, იმ საკითხებს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული საგარეო საეკლესიო პოლიტიკასთან. მათ თავისი ინტერესები და ხედვები აქვთ საქართველოსთან მიმართებით. როცა მოსკოვის საპატრიარქო წერილს გამოაგზავნის და წერილში ჩაწერს: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“... ეს აუცილებელი წესი დაცვას და შემდეგ შეიძლება მათთან საუბარი სერიოზულად“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში