ჩვენი ქვეყნები იმოქმედებენ საერთო ინტერესებიდან, ამ ინტერესს ჰქვია მეგობრობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და აუცილებლად იქნება გამონახული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უპასუხებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორობას.
„ეს არის გრძელვადიანი პროცესი, არა მარტო ერთი ქვეყნისთვის. მე აღვნიშნე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დღეს უმეტეს ქვეყანას აქვს ანალოგიური საკითხები დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია კომისიები, რომელსაც ხელმძღვანელობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები. ჩვენი ქვეყნები იმოქმედებენ საერთო ინტერესებიდან, ამ ინტერესს ჰქვია მეგობრობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა. აუცილებლად იქნება გამონახული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უპასუხებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა პატარაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დავით გარეჯის საკითხზე საუბარი, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ბევრი საკითხი განიხილეს.
„იყო მეზობელი ქვეყნის პირველი პირის ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი, ჩატარდა შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებთან. ჩვენ გქონდა მსჯელობა ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის შეხვედრა გაიმართა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომელიც შეეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ორმხრივ მეგობრობას, კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ეს საკითხიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის. კიდევ ერთხელ განვმეორდები, გადაწყდება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას და მეგობრობას შეეფერება“, - განაცხადა პატარაძემ.