თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ მოულოდნელი იყო 2017 წელს მეუფე შიოს მოსაყდრედ არჩევა, ხოლო პატრიარქის რვა წლის წინანდელი გადაწყვეტილება დღეს შიოს დიდი უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორია.
როგორც თეოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, წლების განმავლობაში სინოდის წევრები შეეჩვივნენ შიოს როლს და უკეთ გაიცნეს.
„ასეთ უპირატესობას არ ველოდით. ის, რომ ილია მეორემ თავის მოსაყდრედ 2017 წელს მეუფე შიო აირჩია, ალბათ, ეს გაითვალისწინეს. თავის დროზე ეს ძალიან მოულოდნელი იყო. არავინ ელოდა, რომ მოსაყდრეს დანიშნავდა და მითუმეტეს, შიოს. მაშინ შიო ძალიან ახალგაზრდა იყო, არაფრით გამორჩეული არ იყო. განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის რვა წლის წინანდელი არჩევანი იყო. ამ ხნის განმავლობაში ყველა შეეგუა, მოხდა შიოს გაცნობა ამ როლში, ალბათ სინოდის სხვა წევრებმაც გაიცნეს“,- განაცხადა თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ.
მისივე თქმით, ეკლესიის ისტორიაში „ხელისუფლების ჩარევის მცდელობები“ ახალი არ არის და მეუფე შიოს წინააღმდეგაც არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობა. მათ შორის, ვრცელდებოდა მოსაზრებები მისი „პრორუსული“ განწყობების შესახებ, თუმცა აბაშიძე აღნიშნავს, რომ სინოდმა არ დაუშვა საკითხის განხილვა ამ კონტექსტში.
„მეოთხე საუკუნიდან დაწყებული ყველა ხელისუფალი მეტ-ნაკლებად ცდილობდა ჩარეულიყო. რაღაცნაირად იყო შეფარული თუ არა შეფარული ბრძოლა მეუფე შიოს წინააღმდეგ. ამბობდნენ რუსეთში სწავლობდაო, რომ არის პრორუსი ... დიდი ხნის განმავლობაში იყო მცდელობა დამკვიდრებულიყო მოსაზრება, რომ მეუფე შიო არის რუსეთის კანდიდატი. იმის თქმა მინდა, რომ სინოდმა ამას გასაქანი არ მისცა - ამ ჭრილში განხილვა თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული.
რომ ავიღოთ ორი კანდიდატი, რომლებმაც 7-7 ხმა მიიღეს მეუფე იობი და გრიგოლი, მეუფე იობზე ვერ ვიტყვით, რომ პროდასავლურია, პირიქით არის. მეუფე გრიგოლზე შეიძლება ითქვას, რომ პროდასავლური განწყობისაა“,- განაცხადა თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ.
ინფორმაციისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.