მეუფე სტეფანე - პატრიარქის არჩევა პრაქტიკაში არასდროს გვქონია და გარკვეული ღელვა გვქონდა, რაც შეეხება მეუფე დანიელის ასაკს, თავად ძალიან კონსტრუქციული როლი ითამაშა საკითხში - მეუფე შიოს ალბათ, კიდევ დაემატება ხმები

ჩვენ პიროვნებების საკითხებში არ შევსულვართ, პრინციპებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. მეუფე დანიელის ასაკი განხილვის საგანი იყო, განვიხილეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას და მეუფე დანიელმა ძალიან კონსტრუქციული როლი ითამაშა ამ საკითხში, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მეუფეს თქმით, მან საკუთარი კანდიდატურა მეუფე შიოს გამო მოხსნა, რადგან ჩათვალა, რომ ის საკუთარ სულიერ მდგომარეობასთან ვერ იქნებოდა თანხვედრაში, თუ პატრიარქის მოსაყდრესთან ერთად საკუთარი კანდიდატურა ეყოლებოდა დაყენებული.

“ჩვენ ახლა პირველად გვიწევდა ასეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე იმიტომ, რომ პატრიარქის არჩევა პრაქტიკაში არასდროს გვქონია, არც გვიყურებია ვინმესთვის, საქართველოში და ამიტომ, გარკვეული ღელვა გვქონდა. გვქონდა ასევე გარკვეული კითხვები ერთმანეთისადმი და ჩვეულებრივი პროცესია, როცა ადამიანი რამეზე მსჯელობს, თავის აზრს გამოთქვამს და ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. ასე შეჯერებულად გავაგრძელეთ გზა, ერთმანეთთან თანხმობაში.

საკამათო საკითხები იყო მიდგომებთან მიმართებაში, თორემ ისე ყველა შევთანხმდით, რომ დებულება, რომელიც 1995 წელს არის მიღებული, ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო დოკუმენტი არჩევნების პერიოდში.

ჩვენ პიროვნებების საკითხებში არ შევსულვართ, პრინციპებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. შევთანხმდით, რომ უმჯობესი იქნებოდა, არ გადაგვეხვია მართვა-გამგეობის დებულებისთვის იმიტომ, რომ უფრო მეტ კითხვებს გამოიწვევს გადახვევა, ვიდრე ამის მიყოლა.

რაც შეეხება მეუფე დანიელის ასაკს, ესეც იყო განხილვის საგანი. განვიხილეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას. თუ ჩვენ ყველა ინტერპრეტაციის განხილვას დავიწყებთ, ძალიან შორს წავალთ და მეუფე დანიელმა ძალიან კონსტრუქციული როლი ითამაშა ამ საკითხში. როგორც სინოდი გადაწყვეტს, ისე იყოსო და ბოლომდე მიჰყვა თავის კონსტრუქციულ პოზიციას.

საბოლოო ჯამში გამოირჩა ექვსი კანდიდატი. თავიდან 15-მდე კანდიდატი იყო, ვისაც ჰქონდა ამის უფლება, რომ კანდიდატი ყოფილიყო, განათლებითაც და ასაკითაც. მათ შორის ვიყავი მეც და მე უარი ვთქვი ჩემს კანდიდატურაზე იმიტომ, რომ მიმაჩნია, თუ არ არის აუცილებელი, რომ მე აუცილებლად ეს საქმე უნდა ვაკეთო… ჯერ ერთი, მეუფე შიო პატრიარქისგან არის რამდენი წელია [მოსაყდრე], ასწავლიდა ყველაფერს, რაც უნდა გაეკეთებინა და პატრიარქობას აგუებდა და რა უნდა მექნა მე, არც ამბიცია მქონდა ამის და არც ჩემი დამოკიდებულება არ იყო ასეთი, ცუდად ვიქნებოდი შინაგანად, თუ ჩემს კანდიდატურას დავტოვებდი, ვერ ვიქნებოდი თანხმობაში ჩემს სულიერ მდგომარეობასთან. მეორე მომენტია, რომ მე არანაირად ამისთვის მზად არ ვიყავი და ბევრი არც მიფიქრია”, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე შიოს პიროვნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შეეძლო, დამოუკიდებლად ემოქმედა, რადგან ბოლო პერიოდში პატრიარქი დასუსტებული იყო, თუმცა ასე არ მოქცეულა, რაც, მეუფე სტეფანეს განცხადებით, მის ღირსებაზე მიუთითებს.

“მეუფე შიომ ოცი ხმა მიიღო დღეს და ალბათ კიდევ დაემატება, იმიტომ, რომ კანდიდატებიდან მხოლოდ სამი დარჩა. მე თავიდანვე ვთქვი [რომ შიო მუჯირს ვუჭერდი მხარს], პატრიარქის ნდობიდან გამომდინარე, ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ პატრიარქის კვალზე სიარული სწორი გზა არის და სანამ ჯერ კიდევ მის კვალზე მივდივართ, ეს ყველაფერი უნდა ჩავიცვათ და მერე რომ გაგრძელდება ჩვენი გზა, ვითარებაც შეიცვლება. შეიძლება 20-30 წლის შემდეგ სულ სხვა ვითარება იყოს და პატრიარქის როლიც სხვა იყოს მაგრამ სწავლებას არ შეიძლება გადავუხვიოთ იმიტომ, რომ ეკლესია სწავლებაზე დგას და არ შეიძლება ეკლესიის წეს-წყობილებაზე უარი ვთქვათ. პატრიარქის დანატოვარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თითქმის ცხრა წელი იყო მეუფე უწმინდესის გვერდით. უწმინდესი ამ დროს საკმაოდ დასუსტდა. მას [შიო მუჯირს] შეეძლო ემოქმედა ხელგახსნილად და უწმინდესთან შეთანხმების გარეშე რაღაცებზე წასულიყო. ასე არ გააკეთა და ეს მისი ღირსებაა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანი დააფასა ბოლომდე და მის კვალს გაჰყვა, ყველაფერს ეკითხებოდა”, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში