[უკრაინის ავტოკეფალიას] ჩვენ ვაღიარებთ მაშინ, როცა უკრაინელი ხალხი აღიარებს. მათი უმრავლესობა ჯერ არ აღიარებს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მიტროპოლიტი სტეფანეს განცხადებით, არის გარკვეული საკითხები და „კანონიკური დარღვევები“, რის გამოც საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ვერ აღიარებს.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს არა პოლიტიკური აღიარება, არამედ ეკლესიური აღიარება და არ შეიძლება კანონიკური დარღვევებით ეკლესიური ერთიანობა დამყარდეს.
„არ შეიძლება ძალით შევარდე კიევ-პეჩორის ლავრაში, დაარბიო ყველაფერი და თქვა, რომ „მე მაღიარე იმიტომ, რომ ესენი გავყარე“, არასწორია. იცით, თვითონ უკრაინელები რა დღეში არიან და რას ლაპარაკობენ? ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. უკრაინელების დიდი ნაწილი არ აღიარებს. ისინი, ვინც იმ ეკლესიაში არიან, კანონიკური დარღვევებით არიან ვიღაც-ვიღაცები და ჩვენ ეს სინოდში ვიცით, ვინ რას წარმოადგენს.
რაღაც საკითხები არის, რაც კითხვებს იწვევს, აქედან გამომდინარე შესაძლოა, რომ გარკვეულწილად ყველაფერში არ დავეთანხმოთ[კონსტანტინოპოლის პატრიარქს] იმიტომ, რომ ავტოკეფალიური ეკლესია თავის გზაზე მიდის. რომ გადავხედოთ მსოფლიო ეკლესიას, ვინ აღიარებს? რამდენიმე ეკლესია, ძალიან მცირე რაოდენობის, უმრავლესობა არ აღიარებს იმიტომ, რომ ყველას კითხვები აქვს.
მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ უკრაინას რეალურად ჰქონოდა ისეთი საპატრიარქო, რომელსაც ჩვენ ვაღიარებდით, მაგრამ ეს ხელოვნურად ვერ მოხდება, ეს უნდა იყოს ისე, რომ ჩვენ დავინახოთ მისი კანონიკურობა და მასთან ურთიერთობა უნდა იყოს არა პოლიტიკური აღიარება, არამედ ეკლესიური აღიარება, არ შეიძლება კანონიკური დარღვევებით ეკლესიური ერთიანობა დამყარდეს, პირიქით. როგორც კი იწყება ეკლექტიკა მიდგომებში, ეს ეკლესია არ გამოდის, იქ გამოდის პოლიტიკური თამაშები და ჩვენ რომ მაგაში ჩავერთოთ ჯერჯერობით პრობლემაა და არ მგონია როდისმე ჩავერთოთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
კითხვაზე, რა იგულისხმება კანონიკურ დარღვევებში, რომელიც კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებულ უკრაინის ეკლესიაშია, მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს: „ვიღაც არის განკვეთილი, ან განკვეთილისგანაა ხელდასხმული და ა.შ. საფუძველში არ დევს ჭეშმარიტება. კიევ-პეჩორაში ვინც მანამდე იყვნენ, ისევ ისინი აგრძელებდნენ, საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილან და ახლა გარედან შევიდნენ რაღაც ორგანიზაციიდან და დაუწყეს გაყრა“.