არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პატრიარქის არჩევნებში ხელისუფლების შესაძლო ჩარევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მეუფეს მტკიცებით, სახელისუფლო გუნდიდან მასთან არავის ჰქონია კომუნიკაცია.
„ვინმეს შეიძლება ჰქონდა შიში, რომ ხელისუფლება ჩაერევა [პატრიარქის არჩევნებში] და მას როგორც უნდა, ისე არ იქნება. მსგავსი ფაქტი მე არაფერი შემინიშნავს, ჩემთან არავის არ ჰქონია კომუნიკაცია. არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა. მე ვერავინ შემაცვლევინებს ჩემს აზრს, თუ მე არ გადავწყვიტე, რომ აზრი უნდა შევცვალო რაიმე არგუმენტების გამო. სიხისტე არ მახასიათებს, თუ ვხედავ არგუმენტირებულ პოზიციებს, როდესაც მე რაღაცაში ვხდები, მე შემიძლია შევცვალო ჩემი პოზიცია და გავყვე იმ პოზიციას, რომელიც არგუმენტირებულია, მაგრამ ისე, რომ ვიღაცამ დამიწყოს, ან ფულს მოგცემ და ასე ქენი, ან „კიდევ ასე გიზამ და ისე გიზამ, პოზიცია შეცვალე“, ეს ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მეუფე სტეფანემ უპასუხა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოსთან მიმართებაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილის ეჭვებზე რუსეთთან კავშირების თაობაზე და თქვა, რომ რუსეთი ვერ ჩაერევა საპატრიარქოს საქმიანობაში.
„ე.ი. ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო, ჩვენთან რომ მოვიდა და სარწმუნოება გაავრცელა? რუსეთმა სარწმუნოება რომ მიიღო, ჩვენ ვიყავით უკვე ფეხზე მდგარი ეკლესია და გვქონდა ძლიერი ფესვები. ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია და თუ დავაკვირდებით საქართველოს ისტორიას, ჩვენ არცერთი ქვეყნის დაკრულზე არ გვიცეკვია. როდესაც იყო განსაცდელები, როდესაც იყო დაპყრობები და იყო პრობლემები, ეკლესია მაინც აგრძელებდა იმ გზას, რომელი გზითაც ქვეყანა ფეხზე იდგა და დღესაც ფეხზე ვდგავართ სწორედ ეკლესიის მყარი პოზიციით, რადგან ღმერთზე ვართ მიყრდნობილი, უფლის ნებით ვმოქმედებთ და არ გვეშინია ვიღაცების შემოტევებისა და თითების ქნევის.
როდესაც საკითხს პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ, გვგონია, რომ რუსებს შეუძლიათ ჩვენთან რამე ისე გააკეთონ, როგორც თავად უნდათ. ეს არც ერთხელ არ განხორციელებულა. როდესაც რეალურად ვხედავთ სიტუაციას, შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენს პოზიციას დაემთხვეს, მაგრამ ის, რომ რუსეთი შეიძლება ჩვენ რაღაცას გვაიძულებდეს, ასეთი ფაქტი არ არსებობს. ომთან დაკავშირებითაც ჩვენ რუსეთის პოზიცია არ დაგვიკავებია, მაგრამ არც ის გადაგვიწყვეტია, რომ ჩვენ, პატარა ქვეყანამ უკრაინასთან დაკავშირებით, გარდა ამ ჰუმანიტარული და მორალური მხარდაჭერისა, რაღაც კიდევ უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.