ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი „არემჯიში“ კომპანიის გარემოსდაცვით საქმიანობას გაეცნენ.
სტუმრობა „არემჯის“ და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და მისი მიზანი იყო კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის.
კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ადგილზე ყველა საკვანძო ლოკაციას დაათვალიერებინეს და დაწვრილებით გააცნეს კომპანიის მოქმედი გარემოსდაცვითი პროექტები.
არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სტუმრებს კაზრეთის ოფისში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე ესაუბრა. მან ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წარმოების მნიშვნელობის მიღმა, უკვე ბევრი წელია კომპანიის მთავარ პრიორიტეტებად გარემოს დაცვა, შრომის უსაფრთხოება და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა იქცა, რამაც კომპანია მდგრადი განვითარების გზაზე დააყენა.
სტუმრებმა დაათვალიერეს ისტორიული მადნეულის კარიერი და მისი მე-4 სანაყაროს ძირში მოწყობილ წყლის გამწმენდი ნაგებობები და წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა, მე-2 სანაყაროზე განხორციელებული სარეკულტივაციო სამუშაოები (გამწვანების სამუშაოებს), არსებული კუდსაცავისა და ახალი, მშრალი კუდსაცავის პროექტი. მათ ასევე დაათვალიერეს არემჯი გოლდის საწარმოო უბანზე მდებარე სამსხვრევი საამქრო და დასხურების მოედნები.
„სტუმრებს გავაცანით ჩვენი კომპანიის გარემოსდაცვითი ღონისძიებები, თუ როგორ ხდება ყოველდღიური საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების შემცირება, წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაცვის კუთხით. შეხვედრის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლება მუდამ იყოს ინფორმირებული ჩვენი გარემოსდაცვითი მიდგომების შესახებ, რათა მათ შემდგომ ეს ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ თემს სჯეროდეს, რომ ყოველ ახალ ლოკაციაზე, კომპანია მაღალი სტანდარტებით მიუდგება გარემოს დაცვას“, - აღნიშნა „არემჯის“ გარემოსდაცვითმა მმართველმა კოტე ხაჭაპურიძემ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით 4 სხვადასხვა ლოკაციაზე აშენებული თანამედროვე წყლის გამწმენდი ნაგებობები იცავს მდინარეებს ფოლადაური, კაზრეთულა და მაშავერა სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან.
მტვრისა და მავნე ნივთიერებების გაფრქვევის საწინააღმდეგოდ, სისტემატურად ხდება საავტომობილო და შიდა კარიერული გზების სპეც-ავტოტრანსპორტით მორწყვა. საამქროებსა და სამსხვრევებზე, დამონტაჟებულია აირმტვერდამჭერი სისტემები, ხოლო ღია სამსხვრევ კვანძებზე მოწყობილია წყლის გამშხეფი სისტემები. ხდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გარემოსდაცვითი მონიტორინგი.
ნიადაგის დაცვის ღონისძიებებიდან მნიშვნელოვანია ვახსენოთ, სანაყაროების სტაბილიზაციის სამუშაოები, საწარმოო ტერიტორიაზე განხორციელებული ბიოლოგიური რეკულტივაცია და არსებული სანერგე მეურნეობის ოპერირება.
,,ჩვენ ვფიქრობთ ადგილობრივი ხელისუფლება ამომწურავ ინფორმაციას უნდა ფლობდეს იმ შედეგებსა და გამოწვევებზე რომელიც კომპანიას გარემოსდაცვითი მიმართულებით აქვს. ჩვენი სამუშაო ჯგუფი 2018 წლიდან კომპანია არემჯის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას უწევს მონიტორინგს და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეკოლოგიური საფრთხეების შესამცირებლად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არც ის გვავიწყდება რომ საქმე სამთო მოპოვებით სამუშაოებთან გვაქვს და შესაბამისად გამოწვევები ყოველთვის იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვცდილობთ ადგილობრივ მოსახლეობას გარემოსდაცვითი მიმართულებებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირებულობა. მათი აქტიური ჩართვა პროცესში“, - განაცხადა ქვემო ქართლში დაბინძურების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ.