მინისტრი - რეფორმის შედეგად, 2023-2025 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში 853 მილიონით ნაკლები გადაიხადა - იაფფასიანი სპეკულაციები, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის

რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად, 2023-2025 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ­ლარით ნაკლები გადაიხადა - იაფფასიანი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასი განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე.

„რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ, საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70-80%-ით. არის შემთხვევები, როდესაც ეს მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად, 2023-2025 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე. ეს საშუალოდ 40%-იანი სხვაობაა იმასთან შედარებით, რაც ამ პოლიტიკის გარეშე იქნებოდა.

რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სასარგებლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა აღინიშნოს ქრონიკული დაავადების მართვის მედიკამენტების ფარგლებში პროგრამაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. მუშაობას ამ მიმართულებით კვლავ აგრძელებს სახელმწიფო, რათა მიზნობრივი ჯგუფების ფინანსური დაცულობა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა ფუნქციონირებს შშმ პირთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისთვის და ასე შემდეგ.

იაფფასიანი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის. ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი დაავადების სამკურნალო მაღალი ხარისხის საშუალება უზრუნველყოფილია ამ პროგრამის საშუალებით“,- აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში