ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა პოლიტიკოსებისგან ვუყურებ, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ, და ამაზე ქულები დაიწერონ. არ ვიცი ამაზე ცუდი რამ რა შეიძლება იყოს. ეს არის სიბინძურე, სიგლახე, არ შეიძლება ამის შეწყნარება და გაგრძელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების საკითხს შეეხო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ როგორც საკუთარ შვილებს, ისე უსურვებს თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობას.
„შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ ხართ უტიფარი მატყუარები. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ შეეგუეთ, გეკუთვნით და იმსახურებთ. უარესს იმსახურებთ, მაგრამ აქ თავს უფლებას არ მივცემ, უარესი გითხრათ. თქვენი ქცევის, სიყალბის მთელი პათოსი იცით რა არის? ნახეთ, რამხელა მდაბიო საქციელთან გვაქვს საქმე. ცდილობენ, შექმნან ისეთი სურათი, ყალბი შთაბეჭდილება, რომ ჩემსა და მშობელს შორის დებატი უნდა მოეწყოს. აი, ეს არის ყველაზე ცუდი რამ. რატომ იცით? სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვთ. თვითონ დამიჯდეს დებატში და რამე არგუმენტი მითხრას. ამიტომ, მე თქვენს მორალზე საუბარს აღარ ვაპირებ. როგორც იტყვიან, ამაზე დაბლა დონე და ფსკერი აღარ არსებობს. რეალურად, ეს იკადრეთ დღეს სამწუხაროდ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ უბრალოდ არ უნდა გეკადრათ. რაც შეეხება არა მხოლოდ დიუშენით დაავადებულ, არამედ ყველა ბავშვს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ღმერთმა ყველას მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა ძალიან მალე აპოვნინოს განკურნება, ამას სრულიად გულწრფელად, როგორც ჩემს საკუთარ შვილებს ვუსურვებ, ისე ვუსურვებ მთელ საქართველოს და თითოეულ ბავშვს.
სრულიად გულწრფელად ვიმეორებ, ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა პოლიტიკოსებისგან ვუყურებ, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ, და ამაზე ქულები დაიწერონ. არ ვიცი ამაზე ცუდი რამ რა შეიძლება იყოს. ეს არის სიბინძურე, სიგლახე, არ შეიძლება ამის შეწყნარება და გაგრძელება. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, დავფიქრდეთ. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენ პირველ რიგში, ვგულშემატკივრობთ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ ხალხმა შეძლოს მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება, ამისთვის სახელმწიფო უკლებლივ ყველაფერს გააკეთებს. ამას გაკეთებს არა პოლიტიკური ქულისთვის, არამედ რეალური საჭიროებისთვის, რეალური კურნებისთვის. ღმერთმა ყველას შვილს მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს“,- განაცხადა სარჯველაძემ.