მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ სამკურნალო მედიკამენტს, რომელიც, მათივე განცხადებით, ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

აქციაში მონაწილე მშობლები ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურნენ, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიმდინარეობდა.

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის თქმით, დღეს სარჯველაძემ ისაუბრა იმაზე, რა არ უნდა გააკეთოს და არა იმაზე, თუ რას გააკეთებს.

მისივე თქმით, სანამ ხელისუფლება გონზე მოვა და გადაწყვეტილებას მიიღებს, ბავშვები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რესურსს კარგავენ.

“ჩვენ ვართ დიუშენის დაავადებული ბავშვების მშობლები და უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც უწყვეტად ვდგავართ კანცელარიის წინ და ღამეებს ვათენებთ ჩვენი შვილების სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა პარლამენტში და ის საუბრობს იმაზე, რა არ უნდა გააკეთოს. ის არ საუბრობს იმაზე, რა უნდა გააკეთოს და რას გააკეთებს.

ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტულ ქმედებებს სახელმწიფოსგან. ჩვენ დავინახეთ, რომ ჯერჯერობით არ არის პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი შილები გადარჩნენ. პოლიტიკური ნება არის ის, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდეს და ჯერჯერობით არაფერი გაკეთდეს.

საუბარი არის ასი ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებსაც აქვთ ეს დაავადება და ისინი ნელ-ნელა კარგავენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რესურსს.

მედიკამენტები, რომელიც ჩამოთვალა მიხეილ სარჯველაძემ, არის თანამედროვე მედიკამენტები და ეს არ არის ბალახეული და ექიმბაშების მიერ მოგონილი წამალი, რომელიც არ არის აპრობირებული თანამედროვე მსოფლიოში. ეს მედიკამენტები არის აპრობირებული, დამტკიცებული აშშ-ის სააგენტოს მიერ, ასევე, ევროპის წამლების სააგენტოს მიერ და ეს მედიკამენტები გამოიყენება და მსოფლიო იწყებს ამ მედიკამენტების ფართოდ გამოყენებასა და დანერგვას. სანამ ჩვენი სახელმწიფო გონზე მოვა და მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ჩვენი ბავშვებისთვის ეს დრო იქნება დაგვიანებული. ამიტომ ჩვენ ვიდგებით აქ და გავაგრძელებთ ჩვენს მოთხოვნას მანამ, სანამ ეს წამლები არ შემოვა საქართველოში”, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში