წამლის უფლება არის ბავშვების უფლება და ეს არ არის ჩვენს სურვილზე დამოკიდებული, ჩვენ თუ გვაქვს ამის ფინანსური რესურსი, აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური ნებაც, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ანდრია ურუშაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენის თემის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს.
„რამდენიმე ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. პირველ რიგში, პოლიტიკური დებატები, რასაც დღეს შევესწარით, არ უნდა ხდებოდეს. ამ თემის პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს და ამ პოლიტიზებას ახდენს სწორედ დღევანდელი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას. ეს უნდა გადავიდეს მშვიდ, პროფესიულ, მეცნიერულ საუბარში და საბოლოო ჯამში ეს არის გზა, რომ ნდობა აღდგეს მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ჩინოვნიკები ისევე ზრუნავენ მათ ბავშვებზე, როგორც საკუთარ ბავშვებზე იზრუნებდნენ. თუ ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება არის ზუსტად იგივე, რასაც საკუთარ შვილებზე მიიღებდნენ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის იქნება მისაღები.
უნდა არსებობდეს პროცედურა ნებისმიერი მედიკამენტის და ტექნოლოგიების დაფინანსების, რასაც ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასების ტექნოლოგია ჰქვია, არც საქართველოში არ არის დანერგილი და უნდა დაინერგოს. მუდმივად ეს პრობლემები პარლამენტში კი არ უნდა გაირჩეს, არამედ ეს უნდა იყოს მეცნიერულად და ეკონომიკურად დასაბუთებული პროცედურა, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია, დროა ჩვენთანაც ასე გავაკეთოთ. ეს პროცედურა ითვალისწინებს მშობლების და პაციენტების ჩართულობას ამ პროცესში, გამჭვირვალობას“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.