ევროკავშირი დაჩქარებული წესით გაწევრიანების ნაცვლად უკრაინისთვის მოკლევადიანი შეღავათების პაკეტს ამზადებს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია უკრაინისთვის გარკვეული შეთავაზების პაკეტს ამზადებენ, მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის დაჩქარებული წესით სრულუფლებიან წევრობაზე უარი თქვეს.
ახალი შეთავაზება უკრაინისთვის საერთო ბაზარზე უფრო ფართო წვდომას, ასევე, ევროკავშირის პროგრამებსა და ინსტიტუტებში უფრო აქტიურ მონაწილეობას მოიცავს.
გამოცემა წერს, რომ წინადადება მას შემდეგ მომზადდა, რაც მარტში ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების, ე.წ. უკუგაფართოების იდეას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემდა, რომ ევროკავშირში მთავარი რეფორმების დასრულებამდე გაწევრიანებულიყო.
„იმ სადილის შემდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად განაცხადეს, რომ წევრობა მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთული წარმოსადგენი იქნებოდა. მაგრამ, იქამდე ჩვენ პოზიტიური შეთავაზება უნდა გვქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ შევძლოთ ერთად წინსვლა“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ იპოვონ გზები, რათა საერთო ბაზრის გარკვეულ ნაწილებში, დაფინანსების სქემებსა და პოლიტიკურ ინსტიტუტებში უკრაინის ჩართვა გაწევრიანებამდე მოხდეს. ერთ-ერთმა დიპლომატმა ამ მოდელს „დაჩქარებული თანდათანობითი ინტეგრაცია“ უწოდა.
ასევე, კიდევ ერთი მოდელი, რომელსაც წევრი სახელმწიფოები განიხილავენ ლიეტუვის წინადადებაა, კერძოდ, „გაწევრიანების პროცესში მყოფი სახელმწიფოს“ სტატუსი.
როგორც წესი, ისტორიულად ეს სტატუსი იმ ქვეყნებისთვის გამოიყენება, რომლებმაც გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და ახლა რატიფიკაციის მოლოდინში არიან, თუმცა ლიეტუვის წინადადებაში წერია, რომ უკრაინის შემთხვევა „აჩვენებს, რომ მისმა ევროპულმა გზამ სტაბილურობის ისეთ დონეს მიაღწია, რაც აღიარებას იმსახურებს“.
ევროკავშირში უკრაინის ელჩმა, ვსევოლოდ ჩენცოვმა გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტი ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებაა.
„თუმცა, ჩვენ ასევე ველით სწრაფ, ხელშესახებ ნაბიჯებს, რომლებიც ინტეგრაციას ახლავე უზრუნველყოფს“, - აღნიშნა უკრაინის ელჩმა.