30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად.
„საქართველოს თავდაცვის ძალების დღე არა მხოლოდ სამხედროების პროფესიული დღესასწაული, არამედ მთელი საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითშეგნების გამოხატულებაა.
ქართველი ხალხის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად. სწორედ ამ უწყვეტმა პრინციპულმა ბრძოლამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და ის შინაგანი ძალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სამხედრო სამსახური ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
„ჩვენთვის, ქართველებისთვის, სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციის, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, და ჩვენი ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს.
მოგეხსენებათ, თანამედროვე უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება და სახელმწიფოსგან მუდმივ სიფხიზლეს, გაძლიერებასა და განვითარებას მოითხოვს, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ.
უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს და ვეტერანებს, „რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს“.
„მსურს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან თქვენ იღებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამშობლოს წინაშე.
სამხედრო ფიცის დადებით თქვენც იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.
თქვენი ღვაწლი ცოცხალი მაგალითია დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. თქვენი პატრიოტიზმი, ერთგულება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი შთაგონების წყაროა მათთვის, ვინც დღეს ამ საპასუხისმგებლო გზას აგრძელებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.