„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - საქართველოში პოლიტიკური კლიმატი არასტაბილურობითა და რეპრესიებით ხასიათდება - რეპორტიორების წინააღმდეგ ძალადობა გაძლიერდა, ამ დანაშაულების გამოძიება კი კვლავ არაეფექტურია, რაც დაუსჯელობას ხელს უწყობს

საქართველოში პოლიტიკური კლიმატი ხანგრძლივი არასტაბილურობითა და რეპრესიებით ხასიათდება, - ამის შესახებ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2026 წლის ინდექსის ანგარიშშია ნათქვამი.

„ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ. პოლიტიკური კლიმატი მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების ნიადაგს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი მედიასაშუალებები, როგორც წესი, პოლიტიკასთან დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს იცავენ. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომლის საქმიანობაშიც ხელისუფლება ერევა და სულ უფრო ხშირად უარს ამბობს კრიტიკულ მედიასაშუალებებთან ურთიერთობაზე და ცენზურას, ცილისწამების კამპანიასა და დაშინებას მიმართავს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშის თანახმად, „მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯია“.

„წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომელთა მიზანი მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გაძლიერება იყო, მთავრობამ მიიღო რეპრესიული კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც მედიის დირექტორებსა და საბჭოს წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს და შეუსრულებლობისთვის თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას კრძალავს და მარეგულირებლის უფლებამოსილებას ზრდის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ბეჭდურ და ონლაინმედია სივრცეში სარეკლამო ბაზარი მცირდება.

„ნაკლებგანვითარებული სარეკლამო ბაზარი მცირდება ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომლებიც ძირითადად დონორების, როგორც წესი, დასავლეთის მიერ ფინანსდება. უცხოური დაფინანსების შესახებ მიღებულმა ახალმა შეზღუდვებმა მკვეთრად გააუარესა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფინანსური მდგრადობა“, - წერს ორგანიზაცია.

ანგარიშში საუბარია სოციოკულტურულ გარემოსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებაც.

„ქართული საზოგადოება ხასიათდება ძლიერი სოციალური დაძაბულობით გარკვეული საკითხების შესახებ, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ უფლებები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტიკაზეც. ჟურნალისტები, რომლებიც მგრძნობიარე თემებს აშუქებენ, გაძლიერებულ შევიწროებასა და ზეწოლას განიცდიან. ჟურნალისტები ხშირად სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმებისა და დაშინების წინაშე ხვდებიან, რაც ხშირად პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებს უკავშირდება. რეპორტიორების წინააღმდეგ ძალადობა გაძლიერდა და ამ დანაშაულების გამოძიება კვლავ არაეფექტურია, რაც დაუსჯელობის კლიმატს ხელს უწყობს“, - ნათქვამია ანგარიშში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ