ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს - იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს.

როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი.

„სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების დიდი ოჯახის მომავალზე და პროფესიული დღე განსაკუთრებით მიულოცა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლირებენ. „თავდაცვის ძალების იუბილეს ვულოცავ ჩვენი მომავლის იმედს - ახალგაზრდა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს - ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ.

„სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა.

მან საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, დაარსებიდან 35 წლის იუბილე მიულოცა და ღირსეული სამსახურისთვის თითოეულ ჯარისკაცს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს, კადეტებს, იუნკერებს, წვევამდელებსა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცობა რჩეულთა საქმეა, ქართული ჯარი კი, “რომელიც სიმტკიცის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ იქცა, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ანარეკლია”.

„ჯარისკაცის პროფესია საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული არჩევანია. ქართველი ჯარისკაცის გმირობამ, სამშობლოს ერთგულებამ, თავგანწირვამ და შეუპოვარმა სულმა თავდაცვის ძალების ისტორია ყველასათვის მოწიწებისა და პატივისცემის მაგალითად აქცია“,- აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სანდო ინსტიტუციაზეც ისაუბრა, მისი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, იგი უნდა ტრანსფორმირდეს მაღალტექნოლოგიურ, მობილურ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი შეაკავოს აგრესია. ეს მიღწევადია მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული, გეგმაზომიერი ნაბიჯებით. ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს ჯარს ჰქონდეს სათანადო აღჭურვილობა, დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და გაუმჯობესდეს სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან ამ პროცესში ჩართულობისა და და შეტანილი წვლილისთვის საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, პირადად, პრემიერ-მინისტრის მიმართ მადლიერება გამოხატა. ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისა და სამხედრო მოსამსახურეების სულიერ სიმტკიცეზე ზრუნვაში საქართველოს ახლახან გარდაცვლილი პატრიარქისა და სულიერი მამის, ილია მეორის უდიდესი როლიც გაიხსენა, რომელიც ჯარმა ასევე უდიდესი გულისტკივილითა და პატივით გააცილა უკანასკნელ გზაზე.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის